ნაკლებად შეურაცხმყოფელი რომ ყოფილიყო,

ნაკლებად შეურაცხმყოფელი რომ ყოფილიყო, "პატარა ქალთევზას" სიმღერების ტექსტები ახალი ფილმისთვის შეიცვალა

სულ მალე დისნეის ახალ ფილმსა და ცნობილი ზღაპრის, პატარა ქალთევზას, კინოადაპტაციას ვიხილავთ. ეკრანიზაცია დიდწილად დისნეის 1989 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციურ ფილმს ეყრდნობა; ამასთან, მასში გამოყენებული იქნება ორიგინალური სიმღერები ანიმაციიდან.

თუმცა, როგორც კომპოზიტორი ალან მენკენი ამბობს, ახალი ფილმისთვის საჭირო გახდა, ზოგიერთი სიმღერის ტექსტი შეცვლილიყო, რათა ისინი თანამედროვე მაყურებლისთვის ნაკლებად შეურაცხმყოფელი იყოს. საუბარია სიმღერებზე Kiss the Girl და Poor Unfortunate Souls, თუმცა, უცნობია, რომელი მონაკვეთები შეიცვლება მათ ტექსტებში.

"Kiss the Girl-ის ტექსტში რაღაცები შეიცვალა, რადგან ხალხისთვის სენსიტიური აღმოჩნდა ის აზრი, რომ პრინცი ერიკი არიელს მასთან ურთიერთობას შეიძლება თავს ახვევდეს", — აღნიშნავს მენკენი ინტერვიუში, — "ასევე შეიცვალა Poor Unfortunate Souls-ის ტექსტის ის ნაწილი, რომელიც გოგოებს შეიძლება ეუბნებოდეს, რომ ლაპარაკით არავინ გააღიზიანონ, იმის მიუხედავად, რომ ამ შემთხვევაში ურსულა აშკარად მანიპულირებს არიელით".

ბოლო წლებში დისნეიმ არაერთი კლასიკური ანიმაციის ახალი ვერსია გადაიღო. მათ შორისაა მეფე ლომი, მულანი და პინოქიო. მართალია, მათ გამოსვლასაც ახლდა მაყურებელთა ნაწილის კრიტიკა, თუმცა, პატარა ქალთევზას შემთხვევაში ზოგიერთი ადამიანის გულისწყრომა მთავარ როლზე ფერადკანიანი მსახიობის, ჰალი ბეილის, დამტკიცებამ გამოიწვია.

დისნეიმ პატარა ქალთევზას ფილმზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყო. ჰალიმ როლი 19 წლის ასაკში მიიღო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, გადაღებები რამდენჯერმე გადაიდო. ფილმის რეჟისორი რობ მარშალია, სცენარისტი კი — დევიდ მეგი. როგორც ვთქვით, პატარა ქალთევზაში 1989 წლის ორიგინალური ანიმაციის სიმღერები იქნება გამოყენებული, მაგრამ მაყურებელი ახალ კომპოზიციებსაც მოისმენს.

ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 26 მაისს შედგება.