ავტორ-შემსრულებელ მამუკა ჩარკვიანს, რომელიც ბოლო დროს შემოქმედებითად ძალზე გააქტიურებულია, სიტყვა პოლიტიკაზე ჩამოვუგდეთ, ოღონდ, ნახევრად იუმორისტულ ჭრილში. პოლიტიკაზე, რადგანაც ცოტა ხნის წინ ქუთაისში გამართული მისი სოლო კონცერტი დეპუტატ ელისო ჩაფიძის გაბედნიერების მიზეზად იქცა.
- მამუკა, რაზე ოცნებობ?
- ჩემი ოცნებაა, მქონდეს 500 დოლარი არ ვფიქრობდე იმაზე, როგორ შევიძინო კარტოფილი დ ხახვი...…
- მომღერალმა გია სურამელაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. რას იტყვი?…
- გიას აირჩევენ, ცნობადი სახეა. როგორც დღეს ამბობენ, ცნობადი, მაგარი სიტყვაა, არა? არადა, არსებობს სიტყვა ცნობილი. თქვი, რა? მაგრამ არა, ამათ ეტყობა, უნდოდათ, "ევრიბადი" ეთქვათ, რომელიც "ცნობადს" ერითმება...
- სურამელაშვილის თუ აირჩევენ, საქართველოს ეშველება?
- "პახმელიაზე" მაინც გამოვალთ, სიმღერით...
- თვითონ არასდროს გდომებია პრეზიდენტობა?
- დღეს კლინიკაში ვიყავი და ექიმმა ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე მითხრა, - მე მაგას ხმას არ მივცემო. ამას-მეთქი? - სხვაზე ვუთხარი. - არც მაგასო. - აბა, ვის უნდა მისცე ხმა-მეთქი? ხმას შენ მოგცემდი სიამოვნებითო. - მე კენჭს არ ვიყრი-მეთქი. - იყარე მამუკა და დარწმუნებული ვარ, ხმებს დააგროვებო... ასე რომ, თუ კარგად ვიქენი, ექიმის რჩევას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გავითვალისწინებ, თუ მანამდე ამათ არ გადამრიეს. მოკლედ, შევიტან განაცხადს, კენჭს ვიყრი და რაღაც გამოვა. საჭირო ხელმოწერებს, რაც საპრეზიდენტო კანდიდატს სჭირდება, რომ შევაგროვებ, ზუსტად ვიცი და მერე ვნახოთ.
- არასდროს გქონია რომელიმე პარტიაში გაერთიანების სურვილი?
- არა, მე უპარტიოდ უნდა ვიყარო კენჭი.
- პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის იცნობ?
- ცოტა ხნის წინ გავიცანი და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
- სად გაიცანი?
- დეპუტატ ელისო ჩაფიძისა და დათო მიქაბერიძის ქორწილში შემთხვევით შევხვდი.
- როგორც ცნობილია, ელისო ჩაფიძემ მომავალი მეუღლე შენს კონცერტზე გაიცნო.
- კი, დათო მიქაბერიძე ჩემი ნათესავია და ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, ჩემს საღამოზე მოვიდა. ელისო თურმე ჩემი ფანი ყოფილა და იმ დღეს გავიცანი. მოკლედ, დათომ და ელისომაც მაშინ გაიცნეს ერთმანეთი და ძალიან მალე დაქორწინდნენ.
- პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას რა გითხრა?
- ძალიან პატივს გცემ და გაფასებო. მეც ვუპასუხე, როგორ ახერხებთ, რომ სულ რიგითი იყოთ-მეთქი. მოკლედ, ერთმანეთს კომპლიმენტები ვუთხარით და დავშორდით.
- რიგითში რას გულისმობ?
- მას შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს როგორც თანასწორს, ისე ელაპარაკოს... ეს უკვე პიროვნების თვისებაა.
- პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თუ იცნობ?
- არა. ერთადერთხელ ვნახე 58-ე სკოლაში, როდესაც მამაჩემი მიიწვიეს, მეც ვახლდი. გიტარის თანხლებით ორი-სამი სიმღერა დავუკარი... ჯანსუღს ის სკოლა აქვს დამთავრებული. გაირკვა, რომ საკაშვილსაც ის სკოლა ჰქონია დამთავრებული და ისიც მოვიდა, მაგრამ მერე პრეზიდენტობის დროს აღარ გაითვალისწინა, რომ ჯანსუღის სკოლელი იყო და შეცდა.
- რას ურჩევდი სააკაშვილს?
- აწი მაინც გაითვალისწინოს, ვისი სკოლა დაამთავრა!.. ისე, ძალიან ნიჭიერია, 6 ენა იცის, საშიშად ნიჭიერი. მასში ის თვისება მომწონს, რომ ფარ-ხმალს არ ჰყრის... ოპტიმისტია. ერთხელ ასეთი რამ თქვა: ციტატა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აზრს გეტყვით: სუსტები დაიხოცებიან, მაგრები გადარჩებიან და გაცურავენ მდინარესო. ამით ახალი კი არაფერი უთქვამს - ეს ჯუნგლების კანონია! უბრალოდ, პრეზიდენტისგან
ეს ნათქვამი ცოტა მეუცხოვა. არ ველოდი, რომ თანმემაულეებს სათქმელს ასე მიახლიდა.
- ელისო ჩაფიძესავით კიდევ ვინმე ხომ არ გაუბედნიერებია შენს მუსიკას?
- ზუსტად ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ყოფილა ასეთი რაღაცები. ერთხელ, ეკა კვალიაშვილმა მითხრა, - შენს "ჩამოთოვაზე" გავიცანით მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთიო. მაგალითად, ჩემი ამხანაგის შვილი იძინებს "ირინოლაზე", ამაზე იძინებდა ჩემი შვილიც.