მომხმარებლებს ”თბილისის წყალში” თებერვლიდან დაახრჩობენ

მომხმარებლებს ”თბილისის წყალში” თებერვლიდან დაახრჩობენ

[მანანა ნოზაძე] 

15 იანვრიდან მოსახლეობას საერთო ქვითრებს დაურიგებენ, რომლის თანახმადაც, ერთი სახის დავალიანების არსებობის შემთხვევაში, აბონენტებს ორკვირიან გადასახდელ ვადას მისცემენ და უკვე თებერვლიდან ელექტროენერგიას გაუთიშავენ. გადასახადების ამოღება თელასსა და „ენერგოპროს“ დაევალა. თელასსა და „ენერგოპრო ჯორჯიას“ მიერ წყლისა და დასუფთავების სამსახურთან ხელშეკრულების გაუფორმებლობის, ხანაც დოკუმენტების მოუგვარებლობის მიზეზით ჭიანურდებოდა ამ კაბალური გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა საბოლოოდ ხელისუფლებამ ხალხისგან ფულის ამოღება მაინც გადაწყვიტა. საერთო მომსახურების ქვითარი თბილისის მცხოვრებლებს კარგა ხანია ურიგდებათ, მაგრამ დღემდე მოქალაქეს არ ჰქონდა ვალდებულება, სამივე გადასახადი ერთად დაეფარა.  

მოსახლეობა ამაოდ ელოდა, რომ ხელისუფლება კეთილ ნებას გამოიჩენდა და წინანდელ წყლის დავალიანებას, თუნდაც კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფაქტორიდან გამომდინარე, ჩამოაწერდა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სოციალურად დაუცველი ხალხისთვის ძველი დავალიანების ამოღებას გაუმართლებლად მიიჩნევენ. მათგან განსხვავებით, ხელისუფლება აქაც მყარად დგას - გადასახადების გადახდა მოსახლეობის მოქალაქეობრივი მოვალეობაა. და ეს მაშინ, როცა ხალხი დაუსაქმებელია. „ლეიბორისტები“ საერთო სახალხო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას.

გიორგი თრგამაძის დაჯგუფების და კონკრეტულად, მათი საარჩევნო სახის - გია ჭანტურიას  საკმაოდ ამბიციური დაპირებით, უფასო წყალი უნდა გვქონოდა. თუმცა ხელისუფლება ზრდის და ზრდის გადასახადებს. ასე რომ, სამთავრობო გადაწყვეტილებებში კორექტირება ვერც ინგა გრიგოლიას  ხმას და ვერც თინა ხიდაშელის მუქარასა და საჩივრებს  შეაქვთ.   

მომხმარებლის დასჯის მეთოდი - ასეთია ექსპერტთა ნაწილის პოზიცია. ყოფილი ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძე თელასის მიერ სააღსრულებო ბიუროს ფუნქციის შეთავსებას გაუმართლებლად  და მომხმარებლის უფლებების დარღვევად მიიჩნევს. 

„თელასს უკვე შეეძლება,  წყლისა და დასუფთავების კომპანიებს დავალიანების ამოღებაში დაეხმაროს და სანაცვლოდ, შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღოს. ამოღებული თანხიდან გარკვეული პროცენტი  თელასს დარჩება. მოკლედ, თელასმა ადმინისტრატორის ფუნქცია შეითავსა. არადა, თუკი მომხმარებელი ყველა ვალდებულებას შეასრულებს თელასის მიმართ, კერძო სამართალი არ ითვალისწინებს მესამე პირთან (ამ შემთხვევაში, წყლის დავალიანების მიზეზით) ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თელასთან კონტრაქტის გაწყვეტას. თელასს არავითარი უფლება არ აქვს, მომხმარებელს წყლის დავალიანებისთვის მომსახურება შეუწყვიტოს,“ - აცხადებს დავთ ებრალიძე. 

მისი თქმით, მომხმარებელი გამოუვალ მდგომარეობაშია ჩავარდნილი და სწორედ ესაა კოლიზია. სამართლიანი სასამართლოს შემთხვევაში, მომხმარებლის სასარგებლოდ გარკვეული იმედი იარსებებდა. თუმცა, აქ ჩნდება მეორე პრობლემაც - თუ მომხმარებელი არ აპირებს გადასახადის გადახდას და სურს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი, იგი უაღრესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან გაეთიშება დენი. 

ექსპერტის აზრით, თუ მომხმარებელს  სამი წლით ხანდაზმული (ანუ  სამი წლის წინანდელი) დავალიანება გააჩნია, მას არ აქვს აღიარებული ეს დავალიანება და არ გადაუხდია იგი, კანონით, სასამართლომ უნდა გაათავისუფლოს გადასახადისგან. ამას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს, მაგრამ ამ ყველაფერს  სასამართლოს ეკლიანი გზა სჭირდება. 

ყოფილმა ენერგოომბუდსმენმა პირადი გამოცდილების საფუძველზე დაადგინა, რომ 2.40 ლარის ოდენობით წყლის გადასახადი ჩვენში საკმაოდ მაღალია, რადგან  თბილისში სულზე დღეში 800 ლიტრ წყალს არავინ მოიხმარს. მისი აზრით, სწორედ ამიტომ არ აწყობთ გამრიცხველიანების პროცესის დაწყება. რამდენიმე წლის წინ დაწყებული გამრიცხველიანების შეჩერების რეალური მიზეზი ესაა, რადგან დაინახეს, რომ სინამდვილეში, მოსახლეობა გაცილებით ნაკლებ წყალს ხარჯავდა. 

„საკუთარ ბინაში წყლის მრიცხველი დავაყენებინე. აღმოჩნდა, რომ ჩემი ოთხსულიანი ოჯახი გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე დღიურად მათ მიერ დადგენილი 800 ლიტრია  სულზე. სწორედ 800 ლიტრის მოცულობის მიხედვით გამოთვალეს 2 ლარი და 40 თეთრი. ამჟამად 1 კუბამეტრი წყალი საყოფაცხოვრებო მოხმარებლისთვის ღირს 10 თეთრი, არასაყოფაცხოვრებოსთვის კი ძვირია- 2 და 40. იმის გამო, რომ ტარიფი 800 ლიტრზე გადაანაწილეს, თვეში ამ 800 ლიტრის პროპორციით,  2 ლარი და 40 თეთრი დაგვიდგინეს,“ - აღნიშნავს დავით ებრალიძე. 

ამასთან, ყოფილი ენერგოომბუდსმენის აზრით, თბილისში წყალი ბევრგან თვითდინებით შედის  და ატუმბვა არ სჭირდება. ამდენად, წყლის კომპანია ამითაც სარგებლობს და მაღალ ტარიფს უწესებს აბონენტს. თუმცა მაღალსართულიან კორპუსებს, რომელთაც წყლის ატუმბვა  სჭირდებათ, ეს არ შეეხება. აქედან გამომდინარე, წყლის კომპანიას სასმელი წყლის მიღება გაცილებით იაფი უჯდება. 

დავით ებრალიძის ინფორმაციით, თავდაპირველად „თბილწყალის“ შესყიდვისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ გაცილებით მეტი თანხა უნდა გადაეხადა. თუმცა საბოლოოდ ბევრად ნაკლები გადაიხადეს, ვიდრე  წინასწარ დასახელებული საპრივატიზაციო თანხა მოიაზრებოდა. 

„უაღრესად საინტერესოა ის საკითხიც,  შეიძინეს თუ არა „თბილწყალი“ მოსახლეობის დავალიანების გათვალისწინებით. თუკი იგი კომპანიის სახით შეიძინეს, შესაძლოა, ძველი დავალიანებები დარჩენილიყო. ხოლო, თუ  სუფთა აქტივები შეიძინეს, ძველი დავალიანებები არ უნდა დარჩენილიყო.  მაშინ მომხმარებელს არც უნდა მოსთხოვონ ძველი დავალიანებები“,-აღნიშნავს ყოფილი ენერგოომბუდსმენი.