ალბათ, გსმენიათ ცნობილი ამერიკელი მსახიობი სტივ მარტინის სახელი, რომელმაც თავი კომედიური ჟანრის ფილმებით გაითქვა. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ჩინებული კომპოზიტორიც ყოფილა.
ცოტა ხნის წინ სტივ მარტინმა თავის ახალ მუსიკალურ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მისი სახელწოდებაა "Rare Bird Aler". ამ ალბომში შევიდა მსახიობის მიერ დაწერილი 13 კომპოზიცია.
სტივ მარტინთან ერთად ამ მუსიკალური დისკის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ექს-„ბითლზმა“ პოლ მაკარტნიმ.
„ოცნება შემისრულდა. სიყმაწვილეში პოლ მაკარტნის ჩანაწერებს მთელი დღეების განმავლობაში ვუსმენდი. მუსიკით ადრეც ვყოფილვარ გატაცებული, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო და პოლი ჩემს სიმღერებს შეასრულებდა,“ - განაცხადა სტივ მარტინმა.
ზემოთ ნახსენები მუსიკალური ალბომის ჩაწერაში პოლ მაკარტნისთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ჯგუფებმა:"Dixie Chicks" და "Steep Canyon Rangers"-მა. ამ კოლექტივებთან სტივ მარტინი წინა წლებშიც თანამშრომლობდა.
სტივ მარტინმა, რომელიც მრავალი კომედიური ჟანრის მხატვრულ ფილმშია გადაღებული, კომპოზიტორობა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. მის მიერ დაწერილ კომპოზიციებს მეტ-ნაკლები წარმატება ყოველთვის თან ახლდა. ამათგან განსაკუთრებით მაინც გამორჩეულია "King Tut", რომელიც 1978 წლის ამერიკულ ჰიტ პარადებში, რამდენიმე კვირის განმავლობაში საპატიო მე-17 ადგილზე იმყოფებოდა.