მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს გადასხმაზე, საკვების მიღებაზე. საკვებიც კი ისეთი შეაქვთ ოჯახის წევრებს, რომელიც კალორაჟის კუთხით არის უვარგისი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მტანჯველი, სასტიკი სისტემის შემქმნელ სააკაშვილს მთელი კლინიკა ეხვეწება, რომ საჭმელი ჭამოს და წამალი დალიოს.
„იმიტაციები და მოტყუების არსენალი რეალურად ეწურება „ნაციონალურ მოძრაობას“, კონკრეტულად მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებით ვსაუბრობ ახლა. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ძალიან მარტივად აღსაქმელი და გასაგებია, რომ „არგუმენტები“, რასაც ყოველდღიურად სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გვეუბნებიან, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. თუკი ადამიანი ვერ ჭამს, მაშინ მას გადასხმა უკეთდება და ამით ხდება დაბალანსება კვებასთან მიმართებაში არსებული მდგომარეობის. ის უარს აცხადებს გადასხმაზე, საკვების მიღებაზე. საკვებიც კი ისეთი შეაქვთ ოჯახის წევრებს, რომელიც კალორაჟის კუთხით არის უვარგისი და ვერ აღწევს მკურნალობისთვის სათანადო ზღვარს. წამალს არ იღებს მსჯავრდებული. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით არის ინფორმაცია და ამ კუთხით ნორმალურად შედგენილი მოთხოვნაც კი არ შესულა პენიტენციურ სისტემაში. რეალურად რომ ფარსია ეს ყველაფერი და საზოგადოების მოტყუებას ემსახურება მხოლოდ, ეს ცალსახაა, ამიტომ რაც შემიძლია ერთადერთი ამ კუთხით ვთქვა, არის ის, რომ მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო მას, მაგრამ პირველ რიგში მინდა ვუსურვო ექიმების რეკომენდაციების შესრულება, განთავისუფლება პოლიტიკური მდგენელისგან და საკუთარ ჯანმრთელობაზე რეალურად ზრუნვა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.