თურქეთის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებიდან რეჯეფ თაიფ ერდოღანის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს

თურქეთის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებიდან რეჯეფ თაიფ ერდოღანის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს

თურქეთის სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს მოთხოვნით, მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა აეკრძალოს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

„კარგი პარტიის“, „დემოკრატიისა და პროგრესის პარტიის“ და „სამშობლოს პარტიის“ განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატად ერდოღანის რეგისტრაცია კონსტიტუციას არღვევს, ვინაიდან ის უკვე ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 2014 და 2018 წლებში გამართულ არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ ერდოღანს ზედიზედ მესამედ კენჭისყრის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ თურქეთის პარლამენტი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა, 14 მაისის არჩევნები კი პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზეა დანიშნული.

თავის მხრივ, ერდოღანის პარტიის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა განაცხადა, რომ ერდოღანის არჩევნებში მონაწილეობა კანონს არ ეწინააღმდეგება. მისი თქმით, 2018 წელს, კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ, ერდოღანმა ახალ საპრეზიდენტო სისტემაში კენჭი პირველად იყარა, 2014 წლის არჩევნებზე მოპოვებული გამარჯვება კი ამ კონტექსტში აღარ უნდა ითვლებოდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არც თურქ კონსტიტუციონალისტებს შორის ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ, პრეზიდენტობის კანდიდატების საბოლოო სია 31 მარტს გამოქვეყნდება.