დიდი ინტერესით მოვისმენდი პრეზიდენტისგან შეხედულებებსა და შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება ეს 12 პუნქტი, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ძალიან მიჭირს იმის პროგნოზირება თუ რა იქნება. საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასურველია, რომ მოვისმინოთ განმარტება, ეს არის გასული წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შეფასება, რამდენად იყო ორიენტირებული 12 პუნქტის შესრულებაზე, რა იყო მისი ინიციატივები ამ მიმართულებით, რომელმაც შეიძლება პროგრესი მოიტანა. ამას ნამდვილად დიდი ინტერესით მოვისმენდი პრეზიდენტისგან, მათ შორის შეხედულებებსა და შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება ეს 12 პუნქტი“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
31 მარტს პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან. რიგგარეშე სხდომაზე სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსნებით გამოვა. პრეზიდენტი ქვეყნის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებს. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ გათვალისწინებულია საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლა.