“კალმახელიძე თავისივე აშენებულ საპატიმროში ჩაჯდება“

“კალმახელიძე თავისივე აშენებულ საპატიმროში ჩაჯდება“

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ხელისუფლებას ათდღიან ვადას აძლევს, სასჯელაღსრულების N5-ე ქალთა დაწესებულებაში არსებული მძიმე ვითარების გამოსასწორებლად.

იმაზე, თუ კონკრეტულად რა პრობლემებია ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში და რა ზომებს შეიძლება მიმართოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პრესაგე.ტვ ზაზა ხატიაშვილს შეხვდა და ესაუბრა.

 

ზაზა ხატიაშვილი: გასული წლის დეკემბერში მთელმა საქართველომ ტელევიზიით იხილა “დემოკრატიის შუქურამ“ და ხათუნა კალმახელიძემ როგორ გახსნეს ახალი საპატიმრო დაწესებულება, სადაც ქალბატონები მატროსოვიდან გადაიყვანეს და საზოგადოებას ამცნეს, რომ ეს იქნებოდა ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი საპატიმრო, სადაც ქალთა უფლებებს დაიცავდნენ.

 

თქვენ როგორ შეიტყვეთ იქ არსებული პრობლემების შესახებ?

- გადაყვანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრები, ადვოკატები მსჯავრდებულ ქალბატონებს ვერ უკავშირდებოდნენ. მარი იველაშვილის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ დედამისი მირეკავდა - “არ მიკავშირდება და თქვენ ხომ არ იცით რა ხდებაო“.

 

კონკრეტულად რა პრობლემებია ახლადაშენებულ ციხეში?

- ადვოკატები, რომ შევიდნენ და თავისი დაცვის ქვეშ მყოფებს შეხვდნენ, შემზარავი ინფორმაცია მომაწოდეს - ქალბატონები ისეთ საკნებში შეიყვანეს, სადაც ბეტონის იატაკია და დგას რკინის საწოლები. აი, ასეთ პირობებში სძინავთ ამ საბრალოებს. ამასთან, არ აქვთ ტანსაცმლის გასაშრობი ოთახი და გარეცხილ ტანსაცმელს კიდებენ საკანში, ბეტონის იატაკზე მდგარ რკინის საწოლზე.

 

ახლადაშენებულ ციხეში ზოგიერთ საკანში გათბობა ცუდად მუშაობს და შხაპების ნახევარი მწყობრიდან არის გამოსული. ამ ფაქტის ირგვლის  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეზე ადრე უნდა იცოდეს სახალხო დამცველმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა და მასთან ერთად ამავე უწყების ხელმძღვანელებმა.

 

როგორ აფასებთ პატიმარი ქალბატონების მდგომარეობას?

- ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა. როდესაც რამდენიმე საათი არ უწევენ სამედიცინო დახმარებას ავადმყოფ ქალბატონს, ამას ევროსასამართლო თვლის წამებად და თქვენ წარმოგიდგენიათ ამ შემთხვევაში რა დონის წამებასთან გვაქვს საქმე?!

 

ყველა საკანში ასეთი მდგომარეობაა?

- ყველა საკანში ასეთი მდგომარეობა არ იქნება. ეს არის დაუმთავრებელი ციხე. “დემოკრატიის შუქურამ“ თქვა, რომ ციხე დეკემბერში უნდა გავხსნაო და ამ ტაკიმასხრობას ეწირებიან საბრალო პატიმრები, რომლებსაც ასეთი პირობების გამო ათასი დაავადება შეიძლება დაემართოთ.

 

ხელისუფლებას 10-დღიან ვადას ვაძლევ, ვითარების გამოსასწორებლად. თუ ათი დღის შემდეგ არაფერი შეიცვლება, მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, რათა ბოლოსდაბოლოს შეამოწმონ როგორი სტანდარტებით ხორციელდება საპატიმრო დაწესებულების მშენებლობა, გამოყოფილი სხვადასხვა გრანტის საფუძველზე. ჩვენ კარგად ვიცით რომ პენიტენციალური სისტემის გასაუმჯობესებლად საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ სერიოზულ დახმარებას უწევს ევროკავშირი, ევროსაბჭო, მაგრამ გაუმჯობესების ნაცვლად ვითარება უარესდება.

 

ის ფაქტი, რომ მინისტრმა კალმახელიძემ  გამოსცა 10 ივნისის ბრძანება, რომ ერთ ადვოკატს ერთ შესვლაზე შეუძლია ერთ პატიმართან შეხვედრა, ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რაც იმას ადასტურებს, რომ მე ვიყავი მართალი, როცა ვამბობდი, რომ ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

 

ეს ბრძანება გაუქმდა?

- არ გაუქმებულა, მინისტრმა კალმახელიძემ რაღაც ცვლილება შეიტანა, უმნიშვნელო, ვითომდა ადვოკატების სასარგებლოდ - თუ ერთ საქმეზე ორ ბრალდებულს იცავს ერთი ადვოკატი, ასეთ შემთხვევაში, ერთ შესვლაზე ორივეს ნახვა შეუძლია, მაგრამ ერთ საქმეზე ორ ბრალდებულს ვინ დააცვევინებს?!

 

დრო მოვა და კალმახელიძე თავისივე აშენებულ საპატიმრო დაწესებულებაში ჩაჯდება, რადგან ელემენტარულად, ნებისმიერი ხელმძღვანელი, რომელიც მოვა საქართველოს ხელისუფლებაში, მას არ აპატიებს იმას, რასაც აკეთებს. ასეთი ბინძური სვლები ახალაიასა და შაშკინის მინისტრობის დროს არ იყო, რადგან ადვოკატებისთვის ერთზე მეტი პატიმრის გამოწერის აკრძალვა მის გარდა არავის გაუკეთებია.

 

რა შედეგი მოჰყვა ევროპის ადვოკატთა ასოციაციიდან საერთაშორისო ორგანიზაციებში და სააკაშვილთან გაგზავნილ წერილს, რომელიც ეხება აქ შექმნილ ვითარებას?

- ის ფაქტი რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში საერთაშორისო ორგანიზაციამ დადო დასკვნა, რომ ეს არის ბოლშევიკი, რომ აქ არის ბოლშევიზმი, ეს არის უკვე იმის აღიარება, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ძალიან სწორი გზით  მიდის და ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოხდა ადვოკატთა უფლებების დარღვევის ფაქტის აღიარება.

 

ის, რომ სააკაშვილის რეჟიმი ადვოკატთა კორპუსს ინსტიტუციონალურად დევნის, ამ დასკვნაში ფაქტიურად დადასტურებულია. ეს დასკვნა ყველა ევროპულ სტრუქტურაში გაიგზავნება და რა თქმა უნდა, ახლა მე არ მეტყვიან, რა გამოხმაურება მოჰყვება ამას, მაგრამ სააკაშვილს ამაზე მადლობას, რომ არავინ ეტყვიან და რომ მას მკაცრ მითითებებს მისცემენ, ეს ორჯერ ორი ოთხია.

 

რასაც აკეთებს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატთა უფლებათა დაცვის კუთხით, იგივე უნდა გააკეთონ სხვა ორგანიზაციებმა - რაც შეიძლება მეტი დასკვნა უნდა დაიდოს იმაზე, თუ რა დღეშია სამოქალაქო საზოგადოება. მე უკვე დავდე დასკვნა ადვოკატთა კორპუსზე, მაგრამ დღეს უკვე იძულებული ვარ, გავაკეთო ეს განცხადება ქალ პატიმრებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ვარ ამ სამოქალაქო საზოგადოების წევრი და იქ ბევრი უდანაშაულო ადამიანი იხდის სასჯელს და ელემენტარულად, ისინი იქიდან ცოცხლები, ნახევრადავადმყოფები მაინც უნდა გამოვიდნენ. სააკაშვილის რეჟიმს სამართლებრივი ბრძოლა თუ არ დავუპირისპირეთ, მაშინ ეს რეჟიმი ყველა ოჯახში შევა და ყველას გააუბედურებს.