ცნობილ ამერიკელ მომღერალ სელენა გომესსა და მოდელ ჰეილი ბიბერს შორის გაგორებული "განხეთქილების ვაშლის" შესახებ აქტიურმა ინტერნეტმომხმარებლებმა კარგად იციან. წლების წინ დაწყებული განხილვა რამდენიმე კვირის წინ ისევ გამწვავდა, როცა გომესის ფანების ნაწილმა მიიჩნია, რომ ჰეილი ბიბერი ტიკტოკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მეგობრებთან ერთად დასცინოდა მათ კერპს. დაუსრულებელი დრამა მალევე გამძაფრდა და ჰეილი ბიბერი კრიტიკული კომენტარების სამიზნედ კიდევ ერთხელ იქცა.
სულ ახლახან კი, ამბავს თავად სელენაც გამოეხმაურა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული "სთორით".
"ჰეილი ბიბერი დამიკავშირდა და მაცნობა, რომ სიკვდილის მუქარებსა და სიძულვილით სავსე ნეგატიურ გზავნილებს იღებს", — წერს სელენა, — "ამას ვერ მივიღებ. სიძულვილი და ბულინგი არავინ უნდა გამოცადოს. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სიკეთეს და მართლა მსურს, ეს ყველაფერი შეწყდეს".
ჰეილი ბიბერის ქმარი, კანადელი პოპვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი წლების წინ ერთმანეთს ხვდებოდნენ. ჯასტინმა ჰეილი ბოლდუინზე სწორედ გომესთან დაშორების შემდეგ იქორწინა. ამის მერე ფანებმა "სასიყვარულო სამკუთხედზე" დაიწყეს საუბარი, ინტერნეტში კი ჰეილისა და სელენას გულშემატკივრებს შორის ვირტუალური ომი გაჩაღდა. იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს გომესმა და ბიბერმა ერთადაც გადაიღეს ფოტოები, დრამა არ შეწყვეტილა და ზემოხსენებული ამბის გამო კიდევ უფრო გამწვავდა კიდეც.