ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემებს, ეს არ არის კარგი, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ.
ხაბეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არავის მოსწონს დეკანოიძის ეს გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმეა. მისივე განცხადებით, ამ დროს, ასეთ ვითარებაში, ასეთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ასეთ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს.
„ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ძალიანაც შეიძლება არ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს, რომ ბრძოლის ველზე როცა არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ამ დროს არ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, ეს მისი საქმეა და მე გეტყვით, რომ ჩემი საქმეა ხალხთან ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრები და ის, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გავერთიანდეთ ყველა. ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემებს, ეს არ არის კარგი, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
23 მარტს ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიის დატოვებას აპირებდა და ამის მიზეზად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გააქტიურება და გირგვლიანის ქეისი დაასახელა, რომელი მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე „გირია“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის. დღეს კი, დეკანოიძემ პარტიიდან წასვლა დაადასტურა.