K-pop ვარსკვლავს სვასტიკის გამოსახულებიანი მაისურით გამოჩენის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

K-pop ვარსკვლავს სვასტიკის გამოსახულებიანი მაისურით გამოჩენის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

ცნობილ სამხრეთკორეელ მუსიკოსსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული K-pop ჯგუფის, Twice-ის, წევრს, ჩეიონს, ფოტოზე სვასტიკის გამოსახულებიანი მაისურით გამოჩენის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია.

23 წლის პოპვარსკვლავმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც აცვია მაისური პანკ-როკ ჯგუფ Sex Pistols-ის ბასისტის, სიდ ვიშესის, გამოსახულებით. თავის მხრივ, მაისურზე გამოსახულ ვიშესს აცვია ზედა სვასტიკის გამოსახულებით. მოგვიანებით, ჩეიონმა ფოტო ინსტაგრამიდან წაშალა და მოსაბოდიშებელი ტექსტი გამოაქვეყნა.

"მაისურზე, რომელიც მეცვა, სწორად ვერ ამოვიცანი დახრილი სვასტიკის გამოსახულების მნიშვნელობა", — დაწერა პოპმომღერალმა, — "ძალიან ვწუხვარ, რომ გულდასმით ვერ შევხედე და პრობლემა შევქმენი. სამომავლოდ, ყურადღებას მივაქცევ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს".

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჩეიონის ჩაცმულობამ დავა გამოიწვია. არცთუ დიდი ხნის წინ, მომღერალს ამერიკის დროშითა და ასო Q-ის ფორმით გაფორმებული ზედა ეცვა შეთქმულების თეორიებით ცნობილი მოძრაობის, QAnon-ის, სლოგანით ზედ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრობლემურ ჩაცმულობასთან დაკავშირებული განხილვა კორეული პოპის სხვა შემსრულებლებისთვისაც არაა უცხო. მაგალითად, 2018 წელს, ჯგუფ BTS-ის ერთ-ერთმა წევრმა შუცშტაფელის ოფიცრებისნაირი ქუდი მოირგო. ამის გამო ბენდის მენეჯერებმა შემდგომ მოიბოდიშეს. თუმცა, ამავე ჯგუფის სხვა წევრმა მოგვიანებით იაპონიისგან კორეის გათავისუფლების აღსანიშნავი მაისური ჩაიცვა ატომური ბომბის "სოკო ღრუბლის" გამოსახულებით.

სხვადასხვა დროს, ნაცისტურ სიმბოლიკასთან დაკავშირებულ სკანდალებში გაეხვნენ სხვა კორეული ჯგუფებიც, მათ შორის, GFriend, Purple Kiss, Pritz და Epex.