ამერიკელი პროფესორი აპირებს, წყალქვეშ 100 დღე იცხოვროს

ამერიკელი პროფესორი აპირებს, წყალქვეშ 100 დღე იცხოვროს

აშშ-ში მდებარე სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში მოღვაწე ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროფესორი, ჟოზეფ დიტური, წყალქვეშ 100 დღის გატარებას და ამით ახალი რეკორდის დამყარებას აპირებს. ამჟამად მსგავს პირობებში ცხოვრების მაქსიმალური ხანგრძლივობა 73 დღეა.

იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე ძლიერი წნევის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა, დიტური 100 დღეს კუნძულ კეი ლარგოზე განლაგებულ, 9.3 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებელში დაყოფს, რომელიც წყალქვეშ 9 მეტრ სიღრმეზეა. 55 წლის პროფესორი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, რომლებიც მას ფიზიკური თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობის გამოსაკვლევად ეწვევიან ხოლმე.

"ადამიანის სხეულს წყალქვეშ ამდენი დრო არასდროს გაუტარებია, ამიტომ ახლო დაკვირვების ქვეშ ვიქნები. კვლევის ფარგლებში შეისწავლიან, რა ზეგავლენა აქვს ამ მოგზაურობას ჩემს ორგანიზმზე, მაგრამ ჩემი ჰიპოთეზით, მაღალი წნევის გამო ჯანმრთელობა გამიუმჯობესდება", — ამბობს დიტური.

მისი ვარაუდი ეფუძნება ნაშრომს, რომლის შედეგების თანახმადაც, გაზრდილი წნევის პირობებში უჯრედები 5 დღეში გამრავლდა, კერძოდ, მათი რაოდენობა გაორმაგდა. ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მსგავსმა გარემომ ადამიანის სიცოცხლე გაახანგრძლივოს და დაბერების თანმდევი დაავადებები აგვაცილოს თავიდან.

"ვვარაუდობთ, რომ იქიდან სუპერ-ადამიანი ამოვალ", — აცხადებს პროფესორი.

მან წყალქვეშ ცხოვრება პირველ მარტს დაიწყო და ჯერჯერობით თავს კარგად გრძნობს. დიტურიმ აშშ-ის საზღვაო ძალებში 28 წელი იმსახურა, 2012 წელს კი უნივერსიტეტში გადაინაცვლა, სადაც დოქტორის ხარისხის მოპოვება და ტვინის ტრავმულ დაზიანებებზე მეტის გაგება სურდა, რათა კოლეგა სამხედროებს დახმარებოდა.

წყალქვეშ გატარებული 100 დღის განმავლობაში ის ახალ ტექნოლოგიებსაც გამოცდის, როგორიც ადამიანის სხეულში დაავადებების გამოსავლენი ხელოვნური ინტელექტია, რომელიც განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა მედიკამენტების მიღება.

"ყველაფერი, რაც გადარჩენისთვის გვჭირდება, აქაა, ამ პლანეტაზე. მგონია, რომ ბევრი დაავადების განკურნების გზას შესაძლოა ოკეანეში მობინადრე, ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ორგანიზმებში მივაგნოთ", — ამბობს დიტური.