„იმეგობრეთ საკუთარ ტვინთან“ და … იცოცხლებთ

„იმეგობრეთ საკუთარ ტვინთან“ და … იცოცხლებთ

[გეგა ბერიძე]
ერთ–ერთი საინტერესო კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ხანდაზმულები რაჭაში, იმერეთში და მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობენ. მათი დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო საკმაოდ მარტივად გამოიყურება. აჭარლები საკვები პროდუქტებიდან თურმე ყველაზე მეტად ნატურალური რძის პროდუქტებს (მაწონი, ხაჭო, ყველი და ა.შ) ეტანებიან და სასმელად შარბათს (ერთგვარ ტკბილ სასმელს) გეახლებიან. ხოლო დინჯი რაჭველები საკვებ ხორცს ასევე ნატურალურ ღვინოს აყოლებენ.

საქართველოს უხუცესი მოქალაქე კი, წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში ცხოვრობს. ანტისა ხვიჩავას 130 წელი შეუსრულდა. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მხცოვან ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა.

მე-19 საუკუნის მიწურულს, 1880 წლის 8 ივლისს დაბადებული ანტისა ხვიჩავა წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად ცხოვრობს.

ცნობისთვის, 2006 წელს საქართველოში 1070 ხანდაზმული იყო. მათგან ყველაზე ხნიერი სწორედ 1880 წელს დაბადებული ანტისა ხვიჩავაა. ყველაზე მეტი 202–საუკუნოვანი მოხუცი იმერეთში ცხოვრობს. თბილისში დევნილებიანად 65 ხანდაზმულია. ასწლოვანთა 90% ქალია.

აქვე ისიც უნდა აღინიშნის, რომ ცოტა ხნის წინ 114 წლის უკრაინელი ევდოკია ვიშიმირსკაია პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ მცხოვრებად აღიარეს. თუმცა ევდოკია ჩვენებურ ანტისაზე მთელი თექვსმეტი წლით ახალგაზრდაა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ეს ქალი სიკვდილზე ჯერაც არ ფიქრობს, უფრო მეტიც, საქმროსაც კი ეძებს. ის თითქმის ერთი წლით უფროსია გინესის წიგნის რეკორდსმენ(აჰა, კიდევ ერთი შეცდომა) ნიდერლანდების მკვიდრ ხენდრიკა ვან ანდელ-შიპერზე. 1896 წელს დაბადებული ევდოკია სამ საუკუნესა და სამ (ერთ სამოქალაქოსა და ორ მსოფლიო) ომს, შვილებისა და შვილიშვილების სიკვდილსაც მოესწრო.

ამჟამად ევდოკია უკრაინაში, რაიონულ ცენტრ კამენკაში, ერთადერთ ცოცხალ შვილიშვილთან და შვილთაშვილებთან ერთად ცხოვრობს. ის დღემდე, მთელ რაიონში საუკეთესო მქარგველად მიიჩნევა. ბოლო დროს ცოტა ყურს დააკლდა, სხვა მხრივ კი ჯანმრთელობას ნამდვილად არ უჩივის. როგორც თავად ამბობს, ამდენ ხანს მხოლოდ იმიტომ გაძლო, რომ ექიმებისთვის არასდროს მიუმართავს.

მას იუმორის გრძნობაც არ ღალატობს. „მართალია, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე ბებერი ვარ? – ეკითხება თვალებმოჭუტული ევდოკია მასთან მისულ ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს და ღიმილით დასძენს: – მე კი ისევ გათხოვებაზე მიჭირავს თვალი, მაგრამ ჯერ ვერავინ ვიპოვე. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენთან სასიძოები გამოილივნენ“.

პირველი სიყვარული ევდოკიას შორეულ 1910 წელს ეწვია, მაგრამ გულის სწორ იუხიმს მშობლებმა არ გააყოლეს – ღარიბიაო. ევდოკიამ ცხარე ცრემლებით დაიტირა სატრფოსთან განშორება და ისიც კი დაიქადა: საერთოდ აღარ გავთხოვდებიო!

სიტყვა 39 წლის ასაკამდე არ გატეხა, მერე კი მათ სოფელში ბოშა ქალი ჩავიდა და ქვრივს გაჰყვებიო, – უმკითხავა. „ის მართლაც, მალე გამოჩნდა, – იხსენებს ევდოკია. – მარკი ერქვა. მამაჩემთან მოვიდა და სთხოვა: ეს გოგო გამაყოლეო. ვერც კი მიხვდა, რომ „გოგო“ უკვე კაი ბებერი იყო… ან კი რას მიხვდებოდა, – ისევ ეშმაკურად ჭუტავს თვალებს ევდოკია. – როცა ორმოცი წლისა ოცისად, ასი წლისა კი სამოცდაათისად გამოვიყურებოდი?! ასე რომ, ხანდახან ჩემი ასაკი თავადაც მეშლებოდა“.

ერთადერთი, რაც ევდოკიას არასდროს შეშლია, ანგარიში და სასმელების გრადუსია. მართალია, ღვინოს თავად არ აყენებს, მაგრამ სიამოვნებით სვამს, სამაგიეროდ, ლუდს თავად ხარშავს და მას პირსაც არ აკარებს. „აი, გორილკა (უკრაინული არაყი. – ავტ.) კი სულ სხვა რამეა“, – სიამოვნებით ნაბავს თვალებს ევდოკია, რომელიც სასმელს ღვთაებრივი ბალზამივით აგემოვნებს და ზედ ციმბირულ პელმენებსაც აყოლებს.

როგორც ყველა ქალი, საკუთარ ასაკს ევდოკიაც ყოველთვის მალავდა. 114-ს რომ მიაღწია, 85-ის ვარო, – ირწმუნებოდა, მაგრამ შვილთაშვილმა კატერინამ „გასცა“. როცა მას სკოლაში ჰკითხეს, – შენი დიდი ბებო რამდენის გახდაო? პატიოსნად უპასუხა: – 114-ისო. შემდეგ ევდოკიას „ქაღალდებშიც“ ჩაიხედეს და ყველა გაოგნდა. ის დღემდე, ყველას სიამაყით უჩვენებს გასული საუკუნის 50-იან წლებში აღებულ პასპორტს, უფრო სწორად კი პასპორტში ჩაკრულ პატარა ფოტოს, რომელზეც ახალგაზრდასა და საკმაოდ ლამაზს, თავზე მსხვილი ნაწნავი აქვს შემოხვეული. ახლა იმ ნაწნავისგან მხოლოდ ჭაღარა და მოკლე ვარცხნილობაღა შემორჩა, მაგრამ ქალი ამ საკითხსაც იუმორით უდგება: მე ყველაფერი მოდური მაქვს და თმამ რაღა დააშავაო?!

ევდოკიას გვარში მამაკაცები ვერ ხარობდნენ. „მარკი, ძმები და ვაჟიშვილები ლამის ერთმანეთს მიჰყვნენ,“ – წუხს იგი. სიცოცხლით დიდხანს ვერც შვილებმა და შვილიშვილებმა გაიხარეს. ამიტომაც, მუდამ შავი დღისთვის მზად მყოფმა ევდოკიამ ერთხანს, ფულის შენახვა დაიწყო, მერე კი ისე გულმოდგინედ დამალა, რომ თავადაც ვეღარ მიაგნო. სამაგიეროდ, ღუმლის უკან დამალული საგვარეულო „განძი“ – ნიკოლოზის დროინდელი ხუთმანეთიანები მისმა შვილთაშვილმა, ახლახან იპოვა…

საერთოდ, კამენკაში განძის პოვნას მიჩვეულები არიან. ეს ხომ სკვითების მიწაა, სადაც ბოგდან ხმელნიცკის კაზაკთა ომები მიმდინარეობდა. ადგილობრივები ბოსტნებში ხშირად პოულობენ XVII საუკუნის დროინდელ მონეტებს, თავად ევდოკიამ კი მხოლოდ ერთადერთი განძი – XVII საუკუნის ხატი იპოვა. მას სწორედ ამ ხატის წინ დასწერეს ჯვარი და ომების უმძიმესი წლებიც მან გადაატანინა. „ერთხელ, როცა ჩვენს სახლს ბომბი დაეცა, შენობის მხოლოდ ის ნაწილი გადარჩა, სადაც ხატი ესვენა“, – იხსენებს ქალი და ძალიან წუხს, რომ მის „უღმერთო“ შვილიშვილ მიხაილს ეს ჭირგამოვლილი ხატი „უბრალო, გაჭვარტლული ფიცარი“ ჰგონია და უნდა, ის გროშებად გაყიდოს, თავად მიხაილი კი მარტო იმაზეღა „წუხს“, – მგონი, ბებიაჩემს „საზომი მოეშალა“ და მარადიულ სოცოცხლეს აპირებსო…

ფრანგი ექიმის, ჟორჟ გარუაიანის გამოკვლევის თანახმად: „უხუცესთა უმეტესობას მომცრო ტანი და პატარა წონა აქვს. ისინი სერიოზულად არასდროს ავადმყოფობენ და გადამეტებული არაფერი უყვართ; უკლებლივ ყველა სხარტი გონებით, ცხოვრებაზე დადებითი შეხედულებითა და უკონფლიქტო ხასიათით გამოირჩევა. ამასთან, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც 100 წელს გადააბიჯა, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

„თითქოსდა წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება სულმა ზეგავლენა მოახდინოს სხეულის შენარჩუნებაზე. მთავარია საკუთარი თავის მართვა ისწავლოთ“. – ეს აზრი, რომელიც ოდესღაც გამოთქვა დიდმა გოეთემ, შეიძლება დაადასტუროს ასობით ადამიანმა. მათ პირადი მაგალითითაც დაამტკიცეს, რომ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე შეიძლება საკუთარი ინტელექტით მოიპოვოთ.

19 წლის გოეთეს ფილტვებიდან სისხლდენა დაეწყო. ექიმებმა იმედი გადაუწურეს. მან კი მიზნად დაისახა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა დაებრუნებინა ჯანმრთელობა. და არა მხოლოდ დაიბრუნა იგი, არამედ 82 წელი იცოცხლა, სიცოცხლის ბოლო დღეებამდე შეინარჩუნა სხეული, ახალგაზრდობა და მშვენიერება. გენიოსმა დააპროგრამა საკუთარი ტვინი ჯანმრთელობასა და ხანგძლივ სიცოცხლეზე, ტვინმა კი თავის მხრივ ბრძანება მისცა სხეულს.

სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები რომ ღრმა სიბერემდე აღწევენ, ამის მაგალითი ისტორიაში მრავლადაა. ლეონარდო და ვინჩი, რომელიც დაბადებისას 900 გრამამდე ძლივს იწონიდა, ბებია ქალებს მკვდარი ეგონათ და ჯამში გადაუძახეს. მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ როცა ახალშობილმა ამოიკნავლა, მიხვდნენ რომ ცოცხალი იყო და ყველაფერი იღონეს მის გადასარჩენად. აღორძინების ხანის ამ უდიდესმა გენიოსმა მისი დროებისთვის წარმოუდგენლად დიდხანს იცოცხლა – 67 წელი, მან ინტელექტის ძალით აიძულა თავისი ორგანიზმი, ყოფილიყო ჯანმრთელი.

ფრანგმა მწერალმა ბერნარ ფონტელმა, რომელიც ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა, ასი წელი იცოცხლა. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ფუძემდებელმა ემანუელ კანტმა, რომელმაც ბავშვობა და ახალგაზრდობა ავადმყოფობასა და ნერვულ გულყრებში გაატარა, ნებისყოფის დაძაბვით შეიმუშავა საკუთარი გაჯანსაღების მეთოდიკა და მკაცრად მისდევდა მას. ამან შეაძლებინა ეცოცხლა 81 წელი.

მიუხედავად ყველაფრისა ინტელექტი და ჭკუა ჯერ კიდევ არ არის ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია. შეიძლება დასახელდეს უამრავი ძალზე ჭკვიანი ადამიანი, რომლებიც უდროოდ წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მეცნიერების თქმით, იმისთვის რომ ადამიანმა დიდხანს იცოცხლოს, საჭიროა შესაბამისი განწყობაც. თუ კი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ყველაფრის მიუხედავად უნდა იცოცხლოს და ყველა ღონეს იხმარს დასახული მიზნის მისაღწევად, ტვინი ქვეცნობიერების დონეზე დაიწყებს მბრძანებლობას ორგანიზმზე…

მსგავსი ურთიერთქმედების ფენომენი აღწერილი აქვს თავის წიგნში აკადემიკოს ვ.მ. კანდიბას. „ადამიანის ნებისყოფა ყოვლისშემძლეა და ნებისყოფიანი ადამიანის მოკვლა პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ასკვნის კანდიბა.

ამასთან ბოლო ხანებამდე მიღებული იყო თვალსაზრისი, რომ ნერვული უჯრედების აღდგენა არ ხდება და ინტენსიური გონებრივი დატვირთვით ტვინი უფრო სწრაფად „ცვდება“ და „იწვება“. მაგრამ მეცნიერები თანდათანობით იქეთ იხრებიან, რომ ეს თვალსაზრისი მცდარია. ექსპერიმენტებით გაირკვა რომ ნეიტრონები არა მხოლოდ იღუპებიან, არამედ მათ უნარი აქვთ კვლავ „დაიბადონ“, თუკი ტვინი აქტიურად მუშაობს.

მათი კი, ვისაც არ უნდა „ტვინის განძრევა“, ნერვული უჯრედები უსაქმურობით ღრმა ძილის მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილ ინფორმაციას მაინც ინარჩუნებენ. ეს „ძილისგუდები“ სავსებით შესაძლებელია გავაღვიძოთ და ვაიძულოთ, იმუშაონ ადრინდელი რიტმით, მაგრამ ამისათვის საჭიროა სათანადო გარჯა: რაც უფრო დიდხანს იყო ტვინი უსაქმურად, მით უფრო ძნელია მისი კვლავ „ამოძრავება“.

მოკლედ ყველა ადამიანს, ვისაც გააჩნია ნებისყოფა, შეუძლიათ შეაჩერონ ყოველგვარი ავადმყოფობა და სიკვდილიც კი! და კიდევ, ფაქტია რომ ადამიანი რაც უფრო ახლოა ღმერთთან, მით მეტია ნებისყოფა, რწმენა… ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად იქნება თუ საკუთარ ტვინთან იმეგობრებთ!