დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში მისი დაკავება იგეგმება და მომხრეებს საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში მისი დაკავება იგეგმება და მომხრეებს საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ელოდება, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ. ტრამპი მომხრეებს მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, როგორც „ბიბისი” წერს, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და დონალდ ტრამპის განცხადება მედიაში გავრცელებულ ცნობებს ეფუძნება.

როგორც დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, მანჰეტენის საოლქო პროკურატურიდან გამოჟონილი ცნობები მიუთითებს, რომ მას სამშაბათს დააკავებენ.

პროკურატურაში ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

„ვინაიდან ეს არის პოლიტიკური დევნა, საოლქო პროკურატურა მიმართავს პრესაში ინფორმაციის გაჟონვის პრაქტიკას, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატებთან კომუნიკაციას, როგორც ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში ხდება”, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, სიუზან ნეჩელესმა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობით, პროკურატურა დონალდ ტრამპის დასაკავებლად ემზადება მისი ადვოკატის მიერ 2016 წლის არჩევნებამდე პორნომსახიობისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე, რომელსაც ნიუ იორკის პროკურატურა ხუთი წლის განმავლობაში იძიებს. ყოფილი პორნოვარსკვლავი სტორმი დანიელსი აცხადებს, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა მას 130 ათასი დოლარი გადაუხადა ტრამპთან კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ. თავად ყოფილი პრეზიდენტი მასთან სექსუალურ კავშირს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამასთან, უცნობია, თუ რა მუხლით შეიძლება, წაუყენონ დონალდ ტრამპს ბრალი.

აღსანიშნავია, რომ 76 წლის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს. ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი არც ერთ დანაშაულს არ აღიარებს და 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს.