დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა ვერსიებზე საუბრობს

დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა ვერსიებზე საუბრობს

დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა მტკიცებულებები ამოიღეს ადგილიდან და რა გახდა 12 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი.

მოზარდის ბაბუა „ქრონიკასთან“ ამბობს, რომ მის შვილიშვილს 16 მარტის 21:00 საათიდან ეძებდნენ ოჯახის წევრები, ბოლოს კი პეტრიწის ქუჩის #10-ში იპოვეს, კორპუსის ქუჩის უკანა ეზოში.

„გამოვიდა გუშინ საღამოს ნათესავთან ერთად. ისეირნეს. კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არის. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო, რაღაც უნახავთ ადგილზე. მეორე ვერსიით გვაგიჟებენ, რომ ვიღაცამ ბავშვი რაღაც... კრიმინალისტებმა მითხრეს, რომ [ტანსაცმელი] შემოხეული ჰქონიაო, მე ვუთხარი, რომ ექიმმა გაუხია. კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, თითქოს ვინმემ იძალადა. ველოდებით კრიმინალისტების დასკვნას. მე რომ მოვედი, თბილი იყო ცხონებული და ვერაფერი ვუშველეთ. ვერც ექიმებმა, ვერც სასწრაფომ“, - ამბობს მოზარდის ბაბუა მანუჩარ დვალი.