მიხეილ სარჯველაძე: რადიკალურ ფორმებს საზოგადოება ემიჯნება - საზოგადოებამ იცის, რომ ეს არ არის ის, რაც მას მართლა სჭირდება

მიხეილ სარჯველაძე: რადიკალურ ფორმებს საზოგადოება ემიჯნება - საზოგადოებამ იცის, რომ ეს არ არის ის, რაც მას მართლა სჭირდება

რადიკალურ ფორმებს საზოგადოება ყველა შემთხვევაში ემიჯნება. საზოგადოებამ იცის, რომ ეს არ არის ის, რაც მას მართლა სჭირდება. საზოგადოებას სჭირდება საღი აზრის მოსმენა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ კანონპროექტი რუსული არ იყო და მასში არც ისეთი არაფერი იყო ამხელა განგაშის ასატეხად. უხერხულად უნდა გრძნობდნენ თავს ის ხალხი, ვინც უზარმაზარი ტყუილი დათესა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი. ეს კანონპროექტი არ იქნებოდა, სხვა მიზეზი იქნებოდა, რომლითაც ძალის დემონსტრირებას შეეცდებოდნენ და რეალურად მიხვდნენ, რომ ეს ძალაც არ ამართლებს და ამ გზითაც ხელისუფლებას რაიმე პრობლემას ვერ შეუქმნიან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

10 მარტს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.