ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე: ვენეციის კომისიის შენიშვნებს გავითვალისწინებთ, ჩასწორდება კანონი, მივიღებთ და რეკომენდაციების ეს პუნქტიც იქნება გაზიარებული

ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე: ვენეციის კომისიის შენიშვნებს გავითვალისწინებთ, ჩასწორდება კანონი, მივიღებთ და რეკომენდაციების ეს პუნქტიც იქნება გაზიარებული

სისტემური კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი ამ წლების განმავლობაში. იგივე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ვართ ბევრად უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც უკვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პროგრესია ასევე ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში.

მან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა.

„კანონი გვარებზე ვერ იქნება მორგებული, კანონი უნდა იყოს აბსტრაქტული. ეს არის სამართლის თეორიის ერთ-ერთი დასკვნა. აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის რომ არ დაგვეტოვებინა დიდი სივრცე, პირდაპირ ვთარგმნეთ უკრაინული კანონი და მივიღეთ ის პირველი მოსმენით. შეიძლება ამასაც რუსული კანონი დაუძახონ, ისეთ აბსურდში არიან შესულები ჩვენი ოპონენტები, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

მაგრამ ვენეციის კომისიამ თქვა შემდეგი რამ: ერთია სისტემური მიდგომა - ამასაც ვაკეთებთ ცალკე, და ამ [დეოლიგარქიზაციის შესახებ] კანონთან დაკავშირებით თქვა, რომ მისი მიღება შესაძლებელია, ოღონდ 5 კონკრეტული, არსებითად ტექნიკური შენიშვნა არის წარმოდგენილი. ამ 5 შენიშვნას გავითვალისწინებთ, ჩასწორდება კანონი, მივიღებთ და, შესაბამისად [რეკომენდაციების] ეს პუნქტიც იქნება გაზიარებული და ბოლომდე გათვალისწინებული“, - განაცხადა კობახიძემ.