დავით კეზერაშვილის გარემოცვასთან კავშირში მხილებული ლუკა ჭოხონელიძე საბანკო ამონაწერის გასაჯაროებაზე უარს აცხადებს

დავით კეზერაშვილის გარემოცვასთან კავშირში მხილებული ლუკა ჭოხონელიძე საბანკო ამონაწერის გასაჯაროებაზე უარს აცხადებს

კიდევ ერთი უარი ამონაწერის გასაჯაროების თხოვნაზე. დავით კეზერაშვილის გარემოცვასთან კავშირში მხილებული ორგანიზაცია „ნაბიჯის“ წევრი ლუკა ჭოხონელიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონკრეტული აქტივობისთვის კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისგან თანხას იღებენ და ეჭვების გასანეიტრალებლად არც ამონაწერის გასაჯაროებას აპირებს.

სააგენტო „კვირის“ მიერ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში საუბარია, რომ ლუკა ჭოხონელიძემ თანხა არა თავის ანგარიშზე, არამედ მეგობრისა და იმავე მოძრაობის წევრის ლაზარე ორდენიძის სახელზე ჩაარიცხინა. გუშინ კი ამავე მოძრაობის დამფუძნებელმა დავით ჩხობაძემ „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უარი განაცხადა თავისი საბანკო ანგარიშის ამონაწერის გასაჯაროებაზე, იმის მიუხედავად, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ჩხობაძეს კეზერაშვილის ცოლის ძმამ დიმიტრი ჩიქოვანმა ათასი ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა.

„თუ ვინმეს რამეზე ჩავარიცხინებ, ჩამირიცხავს პირდაპირ ჩემს „კარტაზე“. სხვაგან არ ჩავარიცხინებ არასდროს. ლაზარე ორდენიძის ანგარიშზე მსგავს რამეს ვერ ნახავთ, თუმცა მე პირადად ვერ გეტყვით, რომ ლაზარე ორდენიძის ანგარიში შემიძლია გამოვაქვეყნო. მის ანგარიშზე თანხა ჩარიცხულა ჩემგან, ჩვენი მეგობრებისგან, მაგრამ ჩემთვის დიმიტრი ჩიქოვანს, არც სხვა ნებისმიერ ადამიანს თანხა არ ჩაურიცხავს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ლუკა ჭოხონელიძემ.

გავრცელებული ცნობით, ოლიგარქი კეზერაშვილი ახალგაზრდებთან კონტაქტს ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანს ანდობს. შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, თსუ-ში სტუდენტთა ჯგუფმა ლექტორი ელიზბარ ელიზბარაშვილი აუდიტორიიდან გააძევა და მას შეურაცხყოფა მიაყენა.