ამერიკელის ნათლობა და თავმდაბლობის შეხსენება

ამერიკელის ნათლობა და თავმდაბლობის შეხსენება

ერთი ჩემი მეგობრის (ვინმეს ეს ისტორია შეთხზული რომ არ ეგონოს, მის სახელსაც მოგახსენებთ, – თამუნა იოსელიანი) ამერიკელმა სიძემ მართლმადიდებლობა მიიღო. წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს – 19 დეკემბერს მოსანათლად ქაშვეთში მივიდნენ. ნათლობის შემდეგ თამუნამ ნათლობის აღმსრულებელ მამა მიქაელთან ფოტოსურათი ნახა და გაოცებულმა ჰკითხა: 

- მამა მიქაელ, მე უწმინდესი დავითის ოჯახთან ძალიან ახლოს ვარ და ეს ფოტო იქაც არ მინახავს!

თამუნას კი არა, ჩვენც, ოჯახის წევრებსაც არასოდეს გვინახავს ეს ფოტო, რომელზეც მიტროპოლიტი დავითი (შემდგომ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V) საკუთარი ხელით რეცხავს ქაშვეთის იატაკს.

მაღალი ტექნოლოგიების ხანაში ჩვენ გავაუბრალოეთ სიტყვა “სასწაული’’. სრულიად ჩვეულებრივ მოვლენებს სასწაულს ვარქმევთ და ხშირად გვავიწყდება, რომ თავად ჩვენი ამ ქვეყანას მოვლენა უკვე სასწაულია. თავად სამყაროა ღვთის სასწაული, რომელიც ყოველ ჩვენგანშია და რომელსაც ვივიწყებთ, ან ვკარგავთ.

სულაც არ მინდა, პატრიარქის გარდაცვალებიდან 33 წლის შემდეგ ამ უცნობი ფოტოგრაფიის გამოჩენას სასწაული ვუწოდო, მაგრამ ამდენი ხნის შემდგომ მისი უცნაური გამოჩენა უთუოდ ნიშანდობლივია.

სწორედ 19 დეკემბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II ქადაგებაში საგანგებოდ გაუსვა ხაზი ამპარტავნებას, როგორც უდიდეს ცოდვას:

“ამპარტავნებას თითქმის ყველა ადამიანში ჰქონდა და აქვს მეტ-ნაკლებად ფესვი გადგმული და სწორედ იგი არის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი ღმერთთან ჩვენი მიახლოებისა. ამპარტავნება, როგორც კი ტახტს დაიდგამს ადამიანის სულსა და გულში, იმ წამსვე ღუპავს მას.

როგორ დავაღწიოთ თავი ამ მდგომარეობას?

თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისგან განკურნებისა.

თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს “მეს”-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას.

მაშინ შეიმუსრება ჩვენი სიამაყე და პატივმოყვარეობა და მის ადგილზე თავმდაბლობით მოპოვებული ღვთის მადლი დაივანებს”.

ამ ქადაგების პასუხივით გამოჩნდა პატრიარქის წინამორბედის ფოტო, რომელიც სახიერად მეტყველებს თავმდაბლობაზე.

ჩემს დასთან ერთად მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში ვცდილობდით მამა მიქაელთან შეხვედრას, მაგრამ ვერ მოვახერხე.

ერთი კვირის თავზე ჩემმა შვილმა მკითხა, ვიცი თუ არა იმ ფოტოს შესახებ, რომელზეც ბაბუაჩემი ტაძარს ალაგებს. ამჯერად, სურათი უკვე ფეისბუქში გამოჩნდა. ასე და ამგვარად, სურათმა თავად მომაკვლია.

თითქოს შემზადებული ვიყავი მის სანახავად, მაგრამ ნათელით გასხივოსნებული პატრიარქის ფოტომ შემძრა; მღვდელთმთავარი სრული სულიერი სიმშვიდითა და ღირსების გრძნობით ასუფთავებს ტაძარს, იმ წუთში მისთვის ეს შავი სამუშაო კი არა, ღმერთის მსახურებაა.

ეს არ არის წარსულიდან ჩემამდე მოსული ერთადერთი გზავნილი (როგორც თქვენთვისაც, ალბათ). დანარჩენზე - სხვა დროს. არც ის მინდა ვინმეს ეგონოს, რომ მისტიციზმში გადავვარდი. ამ ისტორიას ცოცხალი მოწმეები ჰყავს და გადაჭარბების უფლებას არ მომცემენ.

თავისთავად არც ფოტოა სასწაული და არც მისი გამოჩენა ამდენი ხნის შემდეგ. ღვთის სასწაული ჩვენს გარშემოა. უბრალოდ, ჩვენ ვართ ხოლმე ბრმა და ყრუ. თავად სიცოცხლეა ღვთის ბოძებული სასწაული. ამას ხშირად ვერ ვგრძნობთ; მხოლოდ მაშინ გვეხილება თვალი, როცა უფალი აშკარად მიგვანიშნებს. თუმცა... თომამ ვიდრე თითი არ ჩაყო ჭრილობაში, - არ ირწმუნა!

უფალი მიგვანიშნებს ხოლმე: - ცხოვრების მიზანი მხოლოდ წარმატება და კეთილდღეობა როდია; არც მიღწეულით ტკბობა და საკუთარი თავისთვის მიწერა. თავმდაბლობის მაგალითი, რომელიც ამ ფოტომ მეც, მის შვილიშვილს, და ფეისბუქში ათასობით ადამიანს გვაჩვენა, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენი პატარა წარმატებები, ან თუნდაც განსაცდელი, რომლის მიღება არ გვინდა ხოლმე.