ემილია კლარკი საზოგადოებამ HBO-ს საკულტო სერიალ Game of Thrones-ში გაიცნო, კერძოდ, დეინერის ტარგარიენის როლში. მსახიობი 22 წლის იყო, როცა დრაკონების დედის ლეგენდარული როლი მიიღო, ხოლო 24 წლის ასაკში, სერიალის პირველი სეზონის მსოფლიო პრემიერის შემდეგ, ყველასათვის ცნობილ და საყვარელ სახედ იქცა.
სამეფო კარის თამაშები 2019 წელს მე-8 სეზონით დასრულდა, თუმცა ემილია კლარკმა სამუდამოდ დაგვამახსოვრა თავი დეინერის ქარიშხალშობილის როლით. 36 წლის მსახიობი ფანებთან კავშირს არ წყვეტს და სოციალურ ქსელებში ხშირად ახარებს პოზიტიური შინაარსის ფოტოებით.
მიუხედავად ემილიას მცდელობისა, გაამხნეოს და გაამხიარულოს ადამიანები, დადებითი გზავნილის მიღების ნაცვლად საზოგადოება მისი ნაოჭების კრიტიკითაა დაკავებული.
მსახიობმა ინსტაგრამზე ფანებს დედის ნაჩუქარი ჭიქა გაუზიარა, რომელსაც აწერია "ყველაფერს არაჩვეულებრივად უმკლავდები." ემილიამ გამომწერებსაც ურჩია, ეს საკუთარი თავისთვის გაემეორებინათ და შემდეგ სასიამოვნო შედეგები მოემკათ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მესიჯს დადებითად უპასუხა, თუმცა მწვავე იყო კრიტიკაც მსახიობის გარეგნობასთან დაკავშირებით.
ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი ირონიით წერდა: "დეინერის ტარგარიენი უბრალოდ კედელს კი არ შეეჯახა, დრაკონით მთელი სისწრაფით გაფრინდა და ისე შეასკდა."
ამ ყველაფერმა ინტერნეტში მნიშვნელოვანი დისკუსია გამოიწვია და ბევრი დაინტერესდა, რატომ ვერ პატიობს საზოგადოება ქალებს ასაკის მატებასა და ბუნებრიობის შენარჩუნებას.
ემილიას გულშემატკივრებმა მსახიობი დაიცვეს და დაწერეს, რომ ადამიანებს უკვირთ, როცა ხედავენ ცნობილ სახეს, რომელსაც ბოტოქსისთვის არ მიუმართავს.
"ემილია კლარკი 22 წლის ასაკში მშვენიერი იყო, ახლაც ძალიან ლამაზია. უბრალოდ ასაკი მოემატა, რაც მას ნაკლებად ლამაზს არ ხდის. ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ ამ სურათში," — წერდა ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.
"წარმოიდგინეთ ქალზე თავდასხმა იმის გამო, რომ უკეთესად გამოიყურებოდა, როცა უფრო ახალგაზრდა იყო და ფილმში თამაშობდა არაჩვეულებრივი მაკიაჟითა და განათებით," — წერდა მეორე.
"ეს ნორმალური გარეგნობის მქონე ქალია. რა, განა აღარ იცის ხალხმა, როგორ გამოიყურებიან ადამიანები ფოტოშოპით დამუშავებული ფოტოების მიღმა?" — წერდა კიდევ ერთი მომხმარებელი.
"ემილია, მხარი დამიჭირე. ქირურგიულმა ჩარევებმა ადამიანების წარმოდგენა და მიმღებლობა სხვების გარეგნობასთან დაკავშირებით დაამახინჯა. ემილიას ბუნებრივად ემატება ასაკი."
2 წლის წინ Elle-თან ინტერვიუში კი თავად ემილიამ აღნიშნა, რომ უხარია, მისი სახე, რომ ასახავს იმ წლებს, რომლებიც დედამიწაზე გაატარა.
"34 წლის ასაკში ბევრად უფრო ჭკვიანი ვარ, ბევრად უფრო მეტი გამოცდილებით, უამრავი რამ გავაკეთე და ამით ამაყი ვარ."