ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში, - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „ხალხის ძალის“ დეპუტატს გურამ მაჭარაშვილს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. უცხოური გავლენების აგენტის შესახებ კანონპროექტს წარმოადგენს.
ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, გურამ მაჭარაშვილი აცნობიერებს თუ არა, რომ მის მიერ წარმოდგენილი კანონით, ძირს უთხრიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეასა და პერსპექტივას.
„ქართული ოცნება“ ზურგს გიმაგრებთ, ძალიან სიმბოლურია, რომ ზურგს უკან ანრი ოხანაშვილი გიზით და გამყარებთ, მათ შორის, პროცედურული უსამართლობებით. იცით თუ არა და აცნობიერებთ თუ არა, რომ ამ კანონით, თქვენ კლავთ საქართველოს ევროპაში, ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, პერსპექტივას. შესაბამისად, ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში. ამაში აქ არავინ არ შემოგყვებათ. არა რუსულ კანონს !“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
9:30 საათიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომა დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.