დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და მიუნჰენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ლუის გუსტავო კარიერას კლუბ „ვოლსფბურგში“ გააგრძელებს.
ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიუნჰენურ გუნდს ბატონი პეპ გვარდიოლა წვრთნის. კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილ თავკაცს პელეს თანამემამულე არ სჭირდება და პირად საუბარში პირდაპირ განუცხადა, რომ ახალი კლუბი მოეძებნა.
ლუის გუსტავო ევროპულ საფეხბურთო ბაზარზე „ძვირად“ ფასობს და პეპთან „ურთიერთობის გარკვევიდან“ ორ დღეში ახალი გუნდი თავად გამოძებნა.
„ბაიერნის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ შესაძლო ტრანსფერის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„ვიცი რომ „ვოლფსბურგი” ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა. დღეს საღამოს ამ მოლაპარაკებაში ჩვენი გუნდი ოფიციალურად ჩაერთვება”, – განაცხადა რუმენიგემ.
კულუარული ცნობით, „ვოლფსბურგი” მზადაა, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღოს. თავად ლუის გუსტავოს კი წლიური გასამრჯელო 7 მილიონი დაუნიშნოს.