ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალური ოპოზიციაზე: ეს იყო ჩვეულებრივი რუსული „პოგრომი“, რაც მათ პარლამენტში მოაწყვეს

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალური ოპოზიციაზე: ეს იყო ჩვეულებრივი რუსული „პოგრომი“, რაც მათ პარლამენტში მოაწყვეს

ეს იყო ჩვეულებრივი რუსული „პოგრომი“, რაც მათ პარლამენტში მოაწყვეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტში განხილვის დროს რადიკალური ოპოზიციის მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები მან კიდევ ერთხელ შეაფასა.

„კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე ყველაზე მეტად ეპითეტად „რუსული, რუსული!“ გამოიყენებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი რუსული „პოგრომი“, რაც მათ პარლამენტში მოაწყვეს და დასაწყისში საშუალება არავის მისცეს, რომ კანონპროექტის გარშემო გარკვეული დისკუსია წასულიყო. გაეგო საზოგადოებას, რა კანონპროექტზეა საუბარი. რა არის მისი მიზნები და ამოცანები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში.