სელენა გომესსა და ჰეილი ბიბერზე, უფრო კონკრეტულად კი, მათ ურთიერთობაზე ჯასტინ ბიბერთან, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საუბარი არ შეწყვეტილა. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ სელენა და ჯასტინი ერთმანეთს 2009 წელს შეხვდნენ, 2010 წლიდან კი ფანები უკვე მათ რომანტიკულ ურთიერთობაზე საუბრობდნენ.
წყვილმა გულშემატკივართა მოლოდინი 2011 წელს დაადასტურა და 2018 წლის თებერვლამდე, დროებითი პაუზებისა და რამდენჯერმე დაშორების მიუხედავად, ერთმანეთისადმი აშკარა რომანტიკულ ინტერესს ინარჩუნებდა.
სელენასთან საბოლოო დაშორების შემდეგ, 2018 წლის ივლისს ჯასტინ ბიბერმა ხელი მოდელ ჰეილი ბოლდუინს სთხოვა. მისი გადაწყვეტილება უამრავმა ფანმა ნაჩქარევად მონათლა და შედეგად ინტერნეტში დაუსრულებელი განხილვა დაიწყო ჯასტინის, სელენასა და ჰეილის "სასიყვარულო სამკუთხედის" შესახებ.
სელენასთან დაშორების შემდეგ სხვა ქალთან ურთიერთობის მოკლე ხანში დაწყებას, თავად გომესიც გამოეხმაურა 2019 წლის სიმღერით Lose You to Love Me. ცნობილ სიმღერაში ყველაზე დიდი ყურადღება შემდეგმა ფრაზამ მიიქცია: "In two months you replaced us, like it was easy" — "ორ თვეში ჩაგვანაცვლე, თითქოს ეს მარტივი იყო" .
სელენას თქმით, მან ამ სიმღერით ცხოვრების ეს თავი დახურა და ასევე თავისი სიმართლეც გააჟღერა. ფანებს კი, რომლებიც ჰეილისადმი უარყოფიდად იყვნენ განწყობილი, რამდენჯერმე მოუწოდა, ყველას მიმართ სიკეთე გამოეჩინათ. ამის შემდეგ 2022 წლის ოქტომბერში სელენამ და ჰეილიმ ერთადაც გადაიღეს ფოტოები, რათა ფანებისთვის ეჩვენებინათ, რომ ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილები იყვნენ და ინტერნეტში მათ გულშემატკივრებს შორის გაჩაღებული ომი უადგილო იყო.
საზოგადოება ფიქრობდა, რომ ამით ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა, როგორც ჩანს, დრამა ჯერ კიდევ არ მთავრდება. იანვარში, როცა ინტერნეტში სელენას პაპარაცული ფოტოები გავრცელდა და საზოგადოების ნაწილმა მომღერლის წონის გაკრიტიკება დაიწყო, ჰეილი ბიბერმა კენდალ ჯენერთან და კიდევ ერთ მეგობართან ერთად TikTok ვიდეო ჩაწერა, რომელშიც მღეროდა — "მე არ ვამბობ, რომ ამას იმსახურებდა, თუმცა ღმერთი ყოველთვის სწორ დროს არჩევს."
ინტერნეტში ამან დიდი მითქმა-მოთქმა და ბრაზი გამოიწვია, რადგან უამრავი ადამიანი ფიქრობდა, რომ ჰეილი მეგობრებთან ერთად სელენას წონას დასცინოდა და საზოგადოების ნაწილის მიერ მის დაჩაგვრას ზეიმობდა.
ჰეილიმ ვიდეო მალევე წაშალა, ხოლო ერთ-ერთი TikTok მომხმარებლის ვიდეოგანხილვაზე, კომენტარის სახით აღნიშნა, რომ მათი სიმღერა "არავისკენ არ იყო მიმართული". თავის მხრივ, სელენამაც მოუწოდა ფანებს, რომ ყველას მიმართ სიკეთე გამოეჩინათ და რომ მსგავსი რაღაცები მასზე არ ზემოქმედებს.
ამის შემდეგ სელენამ TikTok-ზე თავისი ვიდეო გააზიარა, რომელშიც მისი ლამინირებული წარბები ჩანდა. მომღერალმა თავადვე იცინა ამ ფაქტზე და აღნიშნა, რომ ზედმეტი მოუვიდა. ფანებს არ გამორჩენიათ, რომ ძალიან მალე კაილი ჯენერმა Instagram სთორიში თავისი და ჰეილი ბიბერის ლამინირებული წარბების ფოტო გააზიარა, ერთ-ერთ ფოტოზე წარწერით — "ნუთუ ეს შემთხვევითობა იყო?"
ფანები დარწმუნებულები არიან, რომ ამ პოსტებით კაილი და ჰეილი სელენას დაცინვას ცდილობდნენ და მათ ინტერნეტბულინგში სდებენ ბრალს. კაილის პოსტის ერთ-ერთ ვიდეომიმოხილვას თავად კაილიც გამოეპასუხა და განაცხადა, რომ სელენას წარბების ვიდეო ნანახი არ ჰქონდა და მისი პოსტი მომღერალთან არაფერ შუაში იყო. ფანების სპეკულაციას კი გაზვიადებული და სასაცილო უწოდა.
კაილის კომენტარს სელენაც გამოეხმაურა და მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა — "ეს ყველაფერი უადგილოა. მე კაილის ფანი ვარ!"
ვიდრე TikTok-ის დროებით გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებდა, სელენამ კიდევ ერთ ვიდეოზე დაწერა კომენტარი. ვიდეოში ჰეილი ბიბერი გადაცემაში Drop the Mic ტეილორ სვიფტს აბუჩად იგდებს. ამის საპასუხოდ, სელენამ დაწერა, რომ ტეილორი, მისი საუკეთესო მეგობარი, მთელ ინდუსტრიაში არის და იქნება კიდეც საუკეთესო.
საბოლოოდ, მიუხედავად სელენას მხარდაჭერისა, კაილი ჯენერმა ახლახან 1 მილიონი გამომწერი დაკარგა ინსტაგრამზე და 380-ის ნაცვლად ახლა 379 მილიონი გამომწერი ჰყავს. 1 მილიონამდე გამომწერი დაკარგა ჰეილი ბიბერმაც, სელენა გომესმა კი პირიქით, 10 მილიონი ახალი გამომწერი შეიძინა და 390 მილიონი გამომწერით ახლა ინსტაგრამზე ქალ სელებრითებს შორის უპირობო ლიდერია.