სკოლებს ეზრდებათ, ბაღებს უმცირდებათ

სკოლებს ეზრდებათ, ბაღებს უმცირდებათ

საბავშვო ბაღების დაფინანსება მცირდება და მალე ალბათ ეს დაწესებულებები ფასიანი გახდება. სანაცვლოდ, სკოლების დაფინანსება მატულობს. თუმცა, ეს ვერაფერი შეღავათია იმ მშობლებისთვის, რომელთაც სკოლამდელი ასაკის შვილები ჰყავთ და სამსახურებში საბავშვო ბაღების “ხარჯზე”. 

თბილისის საკრებულოს “რესპუბლიკელი” წევრი თინა ხიდაშელი საბავშვო ბაღებისთვის დაფინანსების გაზრდის ინიციატივით გამოდის. როგორც ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “დედაქალაქის მერია გეგმავს, მიმდინარე წლის განმავლობაშისაბავშვო ბაღები ფასიანი გახადოს”. 

“ჩვენი მოსახლეობა, რომელსაც გაზრდილი ტარიფის გადახდა უწევს, შესაძლოა, კიდევ ერთი სერიოზული ფინანსური დარტყმის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ გამოვდივართ ოფიციალური წინადადებით, იანვრის სხდომაზე საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღოს და დედაქალაქის მერიას ბიუჯეტში ცვლილებების ინიცირება დაევალოს, რომლის თანახმად, საბავშვო ბაღებისთვის აუცილებელი დაფინანსება გაიზრდება. ამ თანხების მოძიება თბილისის ბიუჯეტში ძალიან მარტივია. მათი მოძიება მერიის სხვა ხარჯებიდან, ან ქალაქ-გაფორმებითი სამუშაოებიდანაც შეიძლება”, - განაცხადა ხიდაშელმა და იმედი გამოთქვა, რომ “საკრებულოში კოლეგები ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ”. 

თბილისის 2011 წლის ბიუჯეტის თანმახმად, სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება წინა წელთან შედარებით, 15 მილიონი ლარით არის შემცირებული და 24 მილიონ ლარს შეადგენს. 

“2010 წლის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მამუკა ახვლედიანისა და სხდომაზე დამსწრე თბილისის მთავრობის წარმომადგენლებისგან მოვითხოვე ბაღებში გადასახადების შემოღების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ოფიციალური და საჯარო უარყოფა. პასუხი იყო დუმილი. ეს ღია დასტური იყო დაგეგმილი საგადასახადო გეგმის", - აცხადებს ხიდაშელი. 

მისი ინფორმაციით, ბევრ საბავშვო ბაღში მშობლები გადასახადების შემოღების შესახებ უკვე გააფრთხილეს. ამის მიზეზად საბავშვო ბაღების დირექტორები და პედაგოგები შემცირებულ ბიუჯეტს ასახელებენ. 

ხიდაშელის ცნობით, სახელმწიფო ბაღებში სამი კატეგორის გადასახადის დაწესება ბაღის კეთილმოწყობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, თანხა განისაზღვრება თვეში 30, 50 და 80 ლარის ოდენობით. 

ხიდაშელის ბრალდებას მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, ხიდაშელის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. 

“სახელმწიფო საბავშვო ბაღებში გადასახადი არ დაწესდება, ბაღებს არავინ აძვირებს. პირიქით, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებისთვის ეს ბაღები გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება”, - აღნიშნა ქაცარავამ, რომელიც აცხადებს, რომ 24 იანვრიდან ბაღებში ბავშვების მიღების პროცესი განახლდება. 

ქაცარავა სოციალურად დაუცველი რამდენიმე ათასი ბავშვის პრობლემასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, გადავსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გამო სოციალურად დაუცველი ბავშვები ბაღებში ვერ დადიოდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ სახელმწიფო ბაღების გარემონტების გამო მშობლებმა კერძო ბაღებიდან სახელმწიფო ბაღებში გადაიყვანეს შვილები. 

ქაცარავას განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების მიღება ამიერიდან სირთულეს არ წარმოადგენს. შესაძლოა, ამ მიზნით, დედაქალაქს რამდენიმე ბაღიც შეემატოს. 

თუკი საბავშვო ბაღების დაფინანსების საკითხი დიდი გარჩევის საგანია, ამ მხრივ სკოლებში შედარებით უკეთ არის საქმე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის  გზით სკოლების ვაუჩერული დაფინანსება 44 მილიონი ლარით გაიზრდება. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, დირექტორებს, პედაგოგებსა და  მოსწავლეებს ახალი მოდელი პირადად გააცნო. შეხვედრაზე მინისტრი დირექტორთა და მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხსაც შეეხო. 

მისი თქმით, წელს ყველა მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, გამოცდები გაიაროს და მაღალი ანაზღაურება მიიღოს, ხოლო სურვილის შემთხვევაში ინგლისური ენის ცოდნისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობის მინიმალური კომპეტენცია, რაც მას დამატებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. 

ამასთან, მინისტრის თქმით, დაწყებითი კლასებიდან უცხო ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება გაძლიერდება.“ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი ნეტბუქებს მიიღებს.  ამ მიზნით ივლისისთვის საქართველოში აშენდება ქარხანა, რომელშიც პირველკლასელთა კომპიუტერები აიწყობა”, - აღნიშნა შაშკინმა. 

გარდა ამისა, მკაცრდება სახელმძღვანელოთა გრიფირების წესი, შესაბამისად, კომპეტენტური კომისიის მიერ მხოლოდ კარგი სახელმძღვანელოები შეირჩევა.  ახალი მოდელის მიხედვით, ყველა სკოლას ექნება გარკვეული სახსრები იმისთვის, რომ განავითაროს სკოლის ინფრასტრუქტურა. ეს ახალი იდეა აშშ-ს განვითარების სააგენტოს ექსპერტების, სკოლის დირექტორებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შემუშავდა.