ფშავური დამბალი ხაჭო

ფშავური დამბალი ხაჭო

დამბალი ხაჭო ძველი, კლასიკური ფშავური კერძია. ამ საჭმელს დაახლოებით 300 წლის ისტორია აქვს და თანდათანობით გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოს მთის სხვა კუთხეებშიც, თუმცა კერძის ფშავურობა დადასტურებული ფაქტია. დამბალი ხაჭოს მომზადება შესაძლებელია ქალაქის პირობებშიც.

უპირველესად, ავიღებთ დაახლოებით 2 კილოგრამ ხაჭოს, რომელსაც ავურევთ მარილში და გავაკეთებთ პატარა გუნდებს. ამ გუნდებს დავაწყობთ წკნელებისაგან დაწნულ ხონჩაზე (თუ გვაქვს ასეთი რა თქმა უნდა) და მზეზე, ანდა ბუხართან რამდენიმე დღის მანძოლზე კარგად გამოვაშრობთ.

შემდეგ, გამომშრალ გუნდებს ჩავაწყობთ ჰერმეტულად დახურულ ქილაში და ვინახავთ მშრალ, ბნელ და გრილს აგდგილზე. როდესაც ხაჭოს კეთილშობილი ობი გაუჩნდება, უკვე შეგვიძლია საკუთრივ კერძის მომზადებაც დავიწყოთ. (ხშირად უმადად ჭამენ) 

ერბომოსხმულ ცხელ ტაფაზე დავყრით ქილიდან ამოღებულ, თხლად დათლილ ხაჭოს, დავასხამთ ცოტა წყალს  (დაახლოებით 100 გრამს) და მუდმივად მოვურევთ. რამდენიმე წუთში კერძი უკვე მზად იქნება.

დამბალი ხაჭო იჭმება ნიორთან ერთად და მისაყოლებლად საუკეთესოა პანტის არაყი.