„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ხალხის ძალასთან“ შეხვედრისას იმსჯელეს, რომ მხოლოდ ქართული, ან მხოლოდ ამერიკული კანონების მხარდაჭერის შემთხვევაში, ვენეციის კომისიაში გადაგზავნას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ პარტიამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენი შეხვედრის მიზეზი და სამსჯელო თემაც იყო, ორივე ვარიანტი გადაგზავნილიყო თუ არა ვენეციის კომისიაში და მათ ამ წინადადებას ჩვენ დავეთანხმეთ, ბუნებრივია. საერთო ინიციატივა გამოგვივიდა პრინციპში, მსჯელობაში წარმოიშვა ეს ამბავი და აქედან გამომდინარე ვიმსჯელეთ, რომ თუ თავშივე ვიტყვით, რომ ქართულ ვერსიას მხარს ვუჭერთ და ამერიკულს - არა, მაშინ ვენეციაში გადაგზავნას რა აზრი აქვს, ამიტომ მოდი ვიფიქროთ ამერიკული ვერსიის მხარდაჭერაზე. პირველი მოსმენით ორივეს დავუჭერთ მხარს, მაგრამ შემდეგ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. მე პირადად და არა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს და არა მხოლოდ ბევრ იურისტს განსაკუთრებით ჩვენს გუნდში, მიგვაჩნია, რომ ამერიკული ვერსია არის ძალიან ხისტი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.