მაშინდელი ოკუპანტები თავისი ქვეყნისთვის უკეთესები აღმოჩნდნენ, ვიდრე მაშინდელი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი ქვეყნისთვის. სააკაშვილმა მოუწერა ხელი [რეზოლუციას] და რუსებმა არა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, 2008 წელს სააკაშვილმა თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი.
„სააკაშვილის ბრძანებულებაში, პარლამენტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ 8 აგვისტოს შემოიჭრნენ რუსული ჯარები საქართველოში. მოღალატე ბელადებმა ხელი მოაწერეს რეზოლუციას და მხარი დაუჭირეს, სადაც წერია, რომ 7 აგვისტოს ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით ესკალაცია ახალ, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაზე გადავიდა. ეს უღიარეს რუსეთს და ამავდროულად, იმავე რეზოლუციის მეთერთმეტე პუნქტში უღიარეს რუსეთს, რომ შესაძლოა ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული ჩაედინათ. წეღან რომ კითხულობდით რუსებმა რატომ არ მოაწერეს ხელიო [რეზოლუციას], მე თვითონ გიპასუხებთ ამაზე. იქ რუსების ომის დანაშაულზეც იყო ლაპარაკი და მაშინდელი ოკუპანტები თავისი ქვეყნისთვის უკეთესები აღმოჩნდნენ, ვიდრე მაშინდელი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი ქვეყნისთვის. სააკაშვილმა მოუწერა ხელი [რეზოლუციას] და რუსებმა არა.
ქართველი პოლიციელების სისხლი დაიღვარა 5-ში და 6-ში [აგვისტოს]. 7 აგვისტოს საღამოს ვიდრე 12:00 საათი დადგებოდა, ტელევიზიებით მთელს მსოფლიოს აჩვენეს კადრები, რომლის მიხედვითაც საქართველო ბომბავდა ცხინვალის ტერიტორიას. ამან შემდეგ ყველა დოკუმენტში, რომელსაც მოღალატეობრივმა რეჟიმმა ხელი მოაწერა, გამოიწვია ის, რომ სააკაშვილით დაწყებული რუსებით დამთავრებული, ამას წერდნენ, რომ შემოიჭრა რუსეთის რეგულარული არმია საქართველოშიო. ეს იყო ღალატი, რომელსაც დღემდე აპრავებენ 7 აგვისტოს თარიღის შემოტანით. ღალატია ქართველი ჯარისკაცისთვის ომის დაბრალება. ეს არის სიბინძურე“, - აღნიშნა მდინარაძემ.