„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროქეტის როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვარიანტს მხარი დაუჭიროს, თუმცა ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება.
კობახიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანო ან ერთ, ან მეორე კანონს აუცილებლად მიიღებს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით. შედგება უახლოეს დღეებში საკომიტეტო მოსმენები და შემდეგ შედგება პლენარული სხდომა, მიღებული იქნება პირველი, ასევე მეორე კანონპროექტი, ქართული ვერსია და ასევე ამერიკული ვერსია. ამის შემდეგ ორივე დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ვითხოვთ დაჩქარებული წესით, არსებობს ასეთი პროცედურა, დასკვნის წარმოდგენას და შემდეგ, სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება. თუ იქნება დადებითი დასკვნა ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკულის განხილვა, თუ იქნება დადებითი დასკვნა ქართულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ქართულის განხილვა. ყველა შემთხვევაში, დასკვნა იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით. ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა. გამორიცხულია, რომ ორივეზე იყოს წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნა. მხოლოდ და მხოლოდ დეტალებზე შეიძლება იყოს წარმოდგენილი შენიშვნები, ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ან ერთ, ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის დასკვნას“, - განაცხადა კობახიძემ.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.