ინტელექტი და განათლება ის თვისებებია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი. ის თანდათან მოდის და თავად ადამიანის მონდომებაზეა დამოკიდებული. წიგნის წაკითხვას ნებისმიერ ჩვენთაგანს არავინ აძალებს, რადგან ამისი სურვილი თავად უნდა ჰქონდეს. შეიძლება ცხოვრების უმაღლეს საფეხურებს მიაღწიო და მილიონერთა რიგებშიც ჩაეწერო, მაგრამ თუნდაც “ სამი მუშკეტერი”, ან “ შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” წაკითხული არ გქონდეს და გაუნათლებელთა რიგებშიც იმყოფებოდე.
შეიძლება მრავალი მასწავლებელიც აიყვანო, მაგრამ ისინი განათლებას ვერანაირი მეთოდით ვერ მოგცემენ. მრავალი შემთხვევა ვიცი, როდესაც ცნობილი მსახიობი, სპორტსმენი, ან პოლიტიკოსი ცნობილი მწერლებისა თუ პოეტების შემოქმედების აზრზე არ არიან. წინა საუკუნის ბოლო წლებში ანეკდოტივით დადიოდა ერთი პოლიტიკოსის ამბავი, რომელმაც ერთხელ გაკვირვებით იკითხა, აკაკი წერეთელი უკვე გარდაიცვალაო.
ჰოლივუდელი მსახიობები პოპულარულთა რიგებს მიეკუთვნებიან. ისინი მუდმივი ყურადღების არეალში იმყოფებიან. მათზე ჭორაობენ, საუბრობენ, უთვალთვალებენ და ყველაფერში ბაძავენ. საინტერესოა როგორი განათლების ინდექსი გააჩნია ამ ხალხს და რას კითხულობენ. უმრავლესობაზე ნამდვილად ვერაფერს მოგახსენებთ, რამდენიმე მათგანზე კი, ცოტა ხნის წინ საინტერესო ინფორმაციები ამოვიკითხე.
რამდენიმე წლის წინ მსახიობი პატრისია არკეტი საბავშვო კომიქსებით დაინტერესდა. ამ “სენით” დაავადებულმა საერთოდ მიატოვა სერიოზული ლიტერატურა, თვით სელინჯერიც კი, რომელსაც ადრე აღმერთებდა. ამჟამად პატრისია, მისივე თქმით, იმდენად დეგრადირებულია, რომ ძილის წინ აუცილებლად უნდა იფრინოს ადამიან-ობობასთან ერთად ცათამბჯენებს შორის.
ჯილიან ანდერსონი გამოტყდა, რომ ძილის წინ აუცილებლად კითხულობს ბუდისტების წიგნს, “როცა ყველაფერი ინგრევა”. ყოველ ღამე, სანამ დაიძინებს, ჯილიანი მშვიდად და აუღელვებლად კითხულობს თითო გვერდს.
დევიდ კოპერფილდის ლიტერატურული მიდრეკილება ფრიად არაორიგინალურია. მას ყველა მოგზაურობაში თან დააქვს ჩარლზ დიკენსის “დევიდ კოპერფილდი”, როგორც თილისმა. პოპულარული ჯადოქარი ამბობს, რომ ამ წიგნს მისთვის ბედნიერება მოაქვს.
ანჯელინა ჯოლი არ მალავს თავის მიდრეკილებას სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის მიმართ, რომელიც, არც მეტი და არც ნაკლები, სხვადასხვა ჯურის მანიაკებს ეხება. ჯოლი დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდობაში ადვოკატი, ან დეტექტივი გამოვიდოდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება. “დღეს მე კმაყოფილი ვარ რომ ჩემს საყვარელ ქმართან ბრედ პიტთან ერთად ვცხოვრობ. იცით, ის ნამდვილი სექსუალური მანიაკია” – ამბობდა ანჯელინა ჯოლი. სამწუხაროდ ამ “მანიაკმა” ვერ გაუძლო ასეთი ორიგინალური და ექსტრავაგანტური თვისებებით შემკულ მეუღლესთან ცხოვრებას და რამდენიმე დღის წინ ისინი ერთმანეთს გასცილდნენ. ასე უნდა ბრედს. ცოლად რომ მოჰყავდა, არ იცოდა რომ ანჯელინას მანიაკები და სხვა სახის ურჯულო ხალხი მოსწონდა. ბოლოს და ბოლოს ჯოლის პირველი მეუღლისთვის, ბილ ჯონ ტორნტონისათვის ეკითხა რჩევა.
გაგიკვირდებათ და ანტონიო ბანდერასის სამაგიდო წიგნი სერიოზული და სენტიმენტალური რომანი, სერვანტესის “ დონ კიხოტია”.– “ დონ კიხოტი ჩემი მეორე “მე”-ა, ირწმუნება ბანდერასი. ყოველდღე, ყოველ წამს ბედის წისქვილებს ვებრძვი და ძალიან ხშირად ვმარცხდები”. როგორი დაუჯერებელიც არ უნდა მოგვეჩვენოს სუპერვარსკვლავის ასეთი გულახდილობა, მსგავსი თვითშეფასება ნამდვილად რომ მისასალმებელია.
ახალგაზრდა მსახიობი კრისტინა რიჩი წიგნებს შორის უპირატესობას საბავშვო ზღაპრებს ანიჭებს. საინტერესოა რომ ეს ვარსკვლავის მორიგი ახირება ნამდვილად არ არის და სრულიად ჩამოყალიბებული ფილოსოფიაა. “ მე კატეგორიულად არ მინდა რომ გავიზარდო – გამოტყდა რიჩი, ზღაპრებში ბევრად მეტი სიმართლეა, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია. ზღაპრები ნებისმიერ სახელგანთქმულ რომანზე სუფთა და წრფელია, ისევე, როგორც უფროსების ლიტერატურაში, აქაც გვხვდება ღალატი, სიყვარული, იმედი და ცოდვების მონანიება”.