ვინც კარგ საქმეს ემსახურება, მას მეტი საშუალება ექნება საზოგადოებას თავის სიკეთეებზე ელაპარაკოს, ხოლო ვისაც ბნელი გეგმები აქვს, მათ ნაწილობრივ მოჰფენს ნათელს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„თუ ვიღაცა ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა სახელმწიფოს წინააღმდეგ და წმინდა ჯაშუშური სქემით მუშაობს, იმათთვის ეს კანონი ვერ იმუშავებს, ამისთვის არსებობენ სპეცსამსახურები. ოპოზიცია საუბრობს ისე, რომ აზრს არ დებს. როგორ შეიძლება გეოგრაფიით განსაზღვრო კანონი?! ჩვენი კანონი, ერთადერთი რასაც ითვალისწინებს, ეს არის გამჭვირვალობა. ამ გზით მიდის დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა.
ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უცნაური ამბავი შეიქმნა. დაწყებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, სენატორები, ევროპარლამენტი, ევროპელი ლიდერები, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობოები მარტო ამაზე ლაპარაკობენ. კარგია, რომ „ხალხის ძალის “ ასეთი აღიარება ხდება, ეს ჩვენთვის რეკლამაა. მიმაჩნია, რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოსთვის იქნება კარგი. “, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ხალხის ძალა“ წარადგენს „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი იქნება.
მანამდე ბიუროს სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.