როდესაც ვხედავთ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და „აგენტების შესახებ“ კანონო სწორედ ასეთია, მთავარი ოპოზიციური პარტიის გარეშე ამ საკითხის განხილვა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამ პროცესის მიღმა „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დარჩება - ამ საკითხის შემდეგ პარტია, ისევ ბოიკოტს დაუბრუნდება , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რასაც შემდეგ სააკაშვილის საკითხთან მიმართებით ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუცია მოჰყვა.
„ ამიტომ ბოიკოტი თავის საქმეს მაინც ასრულებს“, მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ,რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული პერსპექტივის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და „აგენტების შესახებ“ კანონო სწორედ ასეთი საკითხია, ბუნებრივია, მთავარი ოპოზიციური ოპოზიციური პარტიის გარეშე ამ საკითხის განხილვა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამ პროცესის მიღმა „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დარჩება, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, მაგრამ ფრაქციაში მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გავაპროტესტოთ, ეს იქნება პარლამენტის კომიტეტის თუ პლენარული სხდომის ფორმატი და ა.შ. საზოგადოებას ვაჩვენოთ ამ კანონის მავნებლური ხასიათი, მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. ბოიკოტს არ ვწყვეტთ, მაგრამ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ ჩავერთვებით და მაქსიმალურად გავაპროტესტებთ მაქსიმალურად ყველა დონეზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა და განმარტა, რომ ამ საკითხის შემდეგ პარტია, რა თქმა უნდა, ისევ ბოიკოტს დაუბრუნდება, რადგანაც არ შეცვლილა ის წინაპირობები, რაც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დააყენა.
„პოლიტიკური ლიდერების, იუსტიციის მინისტრის განცხადებები უძღოდა წინ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოზე პირდაპირი ზეგავლენა და ზეწოლა ხდებოდა.ამიტომ, ეს პირობები არ შეცვლილა და ბოიკოტის გაგრძელებას აზრი აქვს იქამდე, ვიდრე ხელისუფლებისგან არ მივიღებთ ჰუმანურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“ , - განაცხადა ბეჟაშვილმა.
რაც შეეხება ზოგადად პარტიის სამოქმედო გეგმას,როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, რაიონული საპროტესტო აქციების შემდეგ პარტია გადავა სხვადასხვა პერმანენტულ აქციაზე, მათ შორის თბილისა და რეგიონულ ცენტრებში.