„ქრონიკის“ წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ ინვოისი გაუგზავნა, რომლის თანახმადაც Akerman LLP-ი 175 000 დოლარის გადახდას ითხოვს.
როგორც „ქრონიკას“ წყარო უყვება, გიული ალასანია ამერიკელებისთვის ამ თანხის გადახდას არ აპირებს და ხელშეკრულების შეწყვეტას ძმას, თემურ ალასანიას სთხოვს, რომელსაც უთხრა, რომ აკერმანის მომსახურებით უკმაყოფილოა და ახლა ბრიტანული ლობისტური კომპანიის იმედი აქვს.
საუბარია იმ კომპანიაზე, რომელთან მოლაპარაკებებიც თემურ იაკობაშვილმა და გიორგი ბადრიძემ გამართეს და შედეგები ლონდონში დავით კეზერაშვილს და დავით ტყეშელაშვილს გააცნეს. ცნობილია ისიც, რომ ბრიტანელ ლობისტებს ოფიციალურად 100 000 გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან, დანარჩენის ანგარიშსწორება კი ნაღდი ფულით მოხდება.
„ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი. როგორც „ქრონიკის“ წყარო ამბობს, საიდუმლო მოლაპარაკებები იმართება ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოში უნდა მოახდინოს ანტისახელისუფლებო კამპანიის ლობირება მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით, რა დროსაც გამოკვეთილი უნდა იყოს ე.წ. რუსული ხაზი და სააკაშვილის წამების თემა.