ფეხბურთი მხოლოდ თამაში, გატანილი ბურთები და ამა თუ იმ გუნდის მიერ სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილი არ არის.
„ტყავის ბურთის” სამყარო სერიოზული სფეროა და მრავალი შემადგენელი ნაწილისაგან შედგება. მოთამაშეები და მათ შორის ურთიერთობები, მაყურებლები და მათი პრობლემები, მოთამაშეების მას-მედიის საშუალებებთან ურთიერთკავშირი, აგრეთვე დამოკიდებულება სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებთან. ეს ყველაფერი ერთ რთულ მექანიზმს წარმოადგენს და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რასაც თანამედროვე საფეხბურთო სამყარო ეწოდება.
მოთამაშეებით დავიწყოთ. ფეხბურთის მეფის, პელეს სახელი ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ალბათ ვერავინ გიპასუხებთ, რას ნიშნავს ეს სიტყვა. ამასთან დაკავშირებით ბრაზილიელმა ლინგვისტმა ჟოელ რუფინომ სპეციალური გამოკვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ აფრიკული ტომ იორუბის ენაზე პელე სწრაფს ნიშნავს. ამ ტომის წარმომადგენლები მე-17 საუკუნეში მასობრივად ჩამოიყვანეს ბრაზილიაში. ისინი ყავის პლანტაციებში მუშაობდნენ.
როდესაც ამ აღმოჩენის შესახებ თვითონ პელეს აცნობეს, ბევრი იცინა, შემდეგ კი გაიხსენა, რომ ახალგაზრდობაში ეს ზედმეტი სახელი საშინლადაღიზიანებდა და მის წინააღმდეგ ყოველთვის ილაშქრებდა. მაგრამ როდესაც სიტყვა “პელემ” საინფორმაციო საშუალებებში მოიკიდა ფეხი, ბედს შეურიგდა და ნამდვილ სახელსა და გვარს-ედსონ დოს არანტოსნასიმენტოს, თვითონაც იშვიათად იხსენებდა.
ერთი და იგივე პროფესიის წარმომადგენლებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა და ურთიერთპატივისცემა ახასიათებთ. გამონაკლისს არც ფეხბურთის ოსტატები შეადგენენ. თავის დროზე ახლობლობა გააჩნდათ გამოჩენილ ბრაზილიელ მოთამაშე გარინჩას და ქართველ სლავა მეტრეველს. ისინი ერთმანეთს არასაფეხბურთო გარემოში რამდენჯერმე შეხვედრიან და მიუხედავად ენობრივი ბარიერისა დიდი სიყვარულიც გამოავლინეს. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს თავად სლავა მეტრეველი იიხიხსენებდა.
„განსაკუთრებით მაგონდება 1968 წელი და ქალაქი სან-პაულუ. გარინჩას სასტუმროს ჰოლში შევხვდი. მეგობრულად, ძველი ნაცნობებივით მოვიკითხეთ ერთმანეთი. შემდეგ ადგილობრივი ტორსიდორების ჯგუფი შემოგვეხვია. ძლივს მივახვედრე, რომ გრამფირფიტების მაღაზიაში მინდოდა წასვლა. მანემ გაიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. შემდეგ ხელკავი გამიყარა და მაღაზიისკენ გამიძღვა. უამრავი გულშემატკივარი მოგვდევდა. ყველამ გვიცნო. როგორც იქნა მაღაზიაშიც შევედით. მისმა მეპატრონემ კარში პოლიციელები ჩააყენა და მაღაზია ჩაკეტა.
გარინჩამ ჩემი თავი წარუდგინა მეპატრონეს. ამ უკანასკნელმა კი უთხრა, ჩინებულად ვიცნობ, ეს სენიორ მეტრეველია და პირადად მინახავს მისი თამაში. შემდეგ გახარებულმა ჩემი შერჩეული გრამფირფიტები შემიხვია, თავი მოიკლა და საფასური არ გამომართვა. პოლიციელებს სთხოვა, სტუმარი სასტუმრომდე მიაცილეთო. წესრიგის დამცველებმა მე და გარინჩა შუაში ჩაგვაყენეს და სასტუმროსკენ დინჯად გავემართეთ.
გულშემატკივართა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია მიგვაცილებდა. ბრაზილიელები ხელს გვართმევდნენ, ავტოგრაფებსგვთხოვდნენ, თან მთელი გზა ხმამაღლა გაჰკიოდნენ: “მეტრეველი, სოვეტიკო გარინჩა!” ჩემს ბრწყინვალე მასპინძელს ესიამოვნა ეს ქათინაური, მომიბრუნდა და მითხრა, ხედავ რას გეძახიანო. მეც გავიღიმე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მერე გარინჩამ ხელით ჰაერში რაღაც ფინტი მოხაზა და მითხრა, აი, სწორედ ამაში გვამსგავსებენ ერთმანეთს”
სამწუხაროდ ფეხბურთის ეს ორი უბადლო ოსტატი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ გულშემატკივრებს სამუდამოდ დაამახსოვრეს თავი. სასიამოვნო ის არის, რომ იმ პერიოდში სსრკ-ის მიმართ მსოფლიოში ცივი დამოკიდებულება არსებობდა და სლავა მეტრეველმა როგორც თამაშით, ასევე პიროვნული თვისებებით შორეულ ბრაზილიაშიც მრავალი თაყვანისმცემელი გაიჩინა. იმ ხანად საქართველო დამოუკიდებელი არ იყო და ქართველ ფეხბურთელებსაც დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ, რათა ისინი რუსებად კი არ მოენათლად, არამედ ქართველებად აღეთქვათ.
ფეხბურთს ამა თუ იმ ქვეყნისათვის ან ქალაქისათვის მსოფლიო დიდების მოტანა შეუძლია. ლივერპულის მერიის გადაწყვეტილებით, ამ ქალაქის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა ორ საფეხბურთო გუნდს: “ლივერპულსა” და “ევერტონს”. ლივერპულის მერის სიტყვებით, ქალაქის მცხოვრებნი გვერდს ვერ აუვლიდნენ პოპულარობას, რომელიც ზემოთ ხსენებულმა კლუბებმა მსოფლიოს მასშტაბით შეუქმნეს მშობლიურ ქალაქს და ლივერპული დღევანდელ ავტორიტეტს ანსამბლ “ბითლზებსა” და საფეხბურთო კლუბებს უნდა უმადლოდეს.
საფეხბურთო სამყაროს მთავარ გამწევ ძალას ჟურნალისტები შეადგენენ. მათ შეუძლიათ როგორც მოთამაშისათვის სახელის მოტანა, ასევე მათი ტალახში ამოსვრაც. სპორტულ მას-მედიასთან ურთიერთობისას ერთგვარი რეკორდი დაამყარა ახლო წარსულში ბელგიის ნაკრების წევრმა რენე ვანდერეიკენმა. თავის დროზე ეს უკანასკნელი ჟურნალისტებს გაებუტა და ერთი წლის განმავლობაში ინტერვიუ არავისთვის მიუცია. როდესაც ვადა გავიდა, მოთამაშემაც “მოლაპარაკეთა“ რიგებში დაბრუნება განიზრახა. ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ მას რამდენიმე ჟურნალისტი მიუახლოვდა და შეხვედრის კომენტირება სთხოვა. ფეხბურთელს საუბარზე უარი არ უთქვამს. “სათქმელი არაფერი მაქვს“, - უპასუხა მან კორესპონდენტებს.
მოთამაშე, მსაჯი, მწვრთნელი, სტადიონი - ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული პროდუქტია და მასში თანხა მაყურებელმა უნდა გადაიხადოს. გულშემატკივარი ის ძირითადი ძალაა, რომლისთვისაც ამდენი ადამიანი ირჯება. ბოლო წლებია ჩვენში ლათინური ტელესერიალები მომრავლდა, რომელთა გმირებიც თავიანთ თაყვანისმცემლებს მუდმივი დაძაბულობის პირობებში ამყოფებენ. ქვემოთ მოყვანილი ერთი უბრალო ესპანელი ჭაბუკის სევდიანი ისტორიაც, ალბათ მრავალ გულჩვილ ქალბატონს აატირებს.
რამდენიმე ხნის წინ, ესპანეთის ქალაქ სევილიას ერთ-ერთ ოჯახში დიდმა მწუხარებამ დაისადგურა. გარდაიცვალა ოჯახის მამა. ეს ფაქტი ფართო საზოგადოებრიობის ყურადღებას არც კი მიიქცევდა, ერთი საინტერესო გარემოება რომ არა. გარდაცვლილი ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელი და კლუბ “ბეტისის“ მხურვალე გულშემატკივარი გახლდათ. ანდერძიც თავისი გატაცების შესაბამისად შეედგინა. სხეულის კრემაციის შემდეგ, მის ვაჟიშვილს ფერფლი საგულდაგულოდ უნდა შეენახა და მშობლიური “ბეტისის“ ყველა საშინაო მატჩზე, სტადიონზე თან ეტარებინა.
რა გაეწყობოდა, წინაპრების ანდერძის შესრულება წმინდა საქმეა და ვაჟიშვილიც მამის დანაბარების აღსრულებას შეუდგა. “ბეტისის“ პირველივე შეხვედრაზე ძვირფასი ფერფლი ნახევარლიტრიან შუშის ჭურჭელში მოათავსა და სპორტულ არენაზე წასულმა თან წაიყოლია. მაგრამ დახეთ უიღბლობას. ესპანეთში სპორტულ ნაგებობებზე სხვადასხვა სახის მინის ტარის შეტანა სასტიკად აკრძალულია და სტადიონის კონტროლიორებმაც ძვირფასი რელიქვია ტრიბუნებზე არ გაატარეს. წინაპრის ანდერძის შესრულებას საფრთხე დაემუქრა და ერთგულმა შვილმაც თანადგომისათვის “ბეტისის“ პრეზიდენტს მანუელ რუის დე ლოპერს მიმართა.
ორიგინალური სიტუაციის მიუხედავად სენიორ მანუელი არ დაბნეულა და მშობლიური გუნდის ყოფილი გულშემატკივრის ფერფლსაც კლუბის მუზეუმში მიუჩინა ადგილი. ეს ნაგებობა სტადიონის შიგნით მდებარეობს და გარდაცვლილის შთამომავალიც ჭურჭლის შეტანისას კონტროლიორებთან უსიამოვნო ხშირ მოლაპარაკებებსაც ასცდა. მაგრამ იდილიამ მხოლოდ ორიოდე თვეს თუ გასტანა. ერთ მშვენიერ დღეს მუზეუმის მოსამსახურე პერსონალმა ახალი ექსპონატის წინააღმდეგ გაილაშქრა, რადგან მათი ცრურწმენული მტკიცებით, ჭურჭლიდან ღამ - ღამობით ბოროტი სული ამოდიოდა და იქაურობას აჯადოებდა.
მამის ნათელი ხსოვნის ერთგულ შვილს ისღა დარჩენოდა, რომ თავისი ბედკრული ნახევარლიტრიანი ქილა სახლში წამოეღო და მდგომარეობიდან გამოსვლის ახალი გზებისათვის მიემართა. პრობლემის გადაწყვეტა მოიძებნა, თან როგორი. მამის ფერფლი ყოველი საფეხბურთო მატჩის წინ შუშის ტარიდან ქაღალდის პარკში გადაჰქონდა და რასაკვირველია, მიხვდით, საყვარელი "ბეტისის” საქომაგოდ სტადიონისაკენ მიდიოდა.
იქ კი მრავალი გულშემატკივარი დღესაც გაკვირვებით შესცქერის ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას მშობლიური გუნდის მხარდაჭერის პარალელურად გამუდმებით რაღაც ქაღალდის პარკს ეალერსება.