ჩვენ კარგად გვაქვს განმარტებული, რომ კანონი შეეხება ყველა ორგანიზაციას, რომლის დაფინანსების 20%-იც მოდის უცხო ქვეყნიდან. ჩვენ ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას კანონპროექტს ვერ დავუკავშირებთ. კანონპროექტი ყველასთვის უნდა იყოს გასაგები, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„გამჭვირვალობა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, საპირისპირო მე ვერაფერი მოვისმინე. სახელწოდებაზე რომ საუბრობენ, ტერმინი „აგენტი“ საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე ცუდად ენიშნება საზოგადოების სხვადასხვა წევრს, ამის მიხედვით აფასებენ, და არ განიხილავენ კანონპროექტს მისი შინაარსის მიხედვით. ეს შეფასებები მთლიანად კატასტროფაა. დაიწყება საკომიტეტო განხილვები და ყველას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს. იქ შესაძლებელი იქნება ტერმინ „აგენტზეც“ საუბარი. როდესაც ამას პირდაპირ არქმევენ რუსულ კანონპროექტს, ეს არის სტიგმატიზაცია. როდესაც ჩვენ ამერიკულ ვარიანტზე ვსაუბრობთ, ისინი ამბობენ, რომ ეს არის 1938 წელს ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ მიღებული კანონი, თითქოს ის ახლა არ მოქმედებდეს“, - აცხადებს ყაველაშვილი.