მოძალადე ყოფილ ქმარს ჯოან როულინგის დასაკავებლად ჰარი პოტერის პირველი ხელნაწერი წაურთმევია

მოძალადე ყოფილ ქმარს ჯოან როულინგის დასაკავებლად ჰარი პოტერის პირველი ხელნაწერი წაურთმევია

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებულ მწერალს, ჯოან როულინგს, საყოველთაო პოპულარობამდე რომ რთული ცხოვრების გამოვლა მოუხდა, ეს მისი ბევრი მკითხველისთვის ცნობილი ამბავია. თუმცა, მწერალმა ცოტა ხნის წინ თავისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ერთ-ერთ პოდკასტში უფრო ვრცლად ისაუბრა. როულინგმა გაიხსენა მისი პირველი, წარუმატებელი ქორწინება, როცა ყოფილი ქმრის მხრიდან გამუდმებული ძალადობის მსხვერპლად იქცა.

1990 წელს დედის დაღუპვის შემდეგ, მომავალი მწერალი პორტუგალიაში გადავიდა საცხოვრებლად და მასწავლებელი გახდა. იქვე გაიცნო ჟურნალისტი ჟორჟე არანტესი, რომელზეც მოგვიანებით იქორწინა კიდეც. თუმცა, როგორც როულინგი იხსენებს, ურთიერთობა თანდათან უფრო და უფრო ძალადობრივი გახდა. ქორწინებისთვის თავის დაღწევა როულინგმა ორჯერ სცადა, რის შემდეგაც ყოფილმა ქმარმა მისი გამუდმებული კონტროლი დაიწყო.

"ყოველ ჯერზე, როცა შინ ვბრუნდებოდი, ჩემს ჩანთას ჩხრეკდა", — ჰყვება როულინგი, — "მე სახლის გასაღებიც არ მქონდა ხოლმე. მგონი, ხვდებოდა, რომ გაქცევას ისევ ვეცდებოდი. ეს საშინლად დაძაბული სიტუაცია იყო, რადგან თამაში მიწევდა. მე კი, ვფიქრობ, არც ისე კარგი მსახიობი ვარ".

ამ პერიოდში როულინგი უკვე მეორედ იყო ორსულად (პირველ შემთხვევაში ეს ამბავი მუცლის მოშლით დასრულდა). ამასთან, მომავალი მწერალი უკვე რა ხანია, ჰარი პოტერის პირველ ვერსიაზე მუშაობდა. ეს შენიშნა არანტესმაც და გადაწყვიტა, ცოლი მისი წართმევით დაეკავებინა.

"ხელნაწერი იზრდებოდა, რადგან წერას ვაგრძელებდი", — აღნიშნავს როულინგი, — "მან კი იცოდა, რამდენს ნიშნავდა ეს ტექსტი ჩემთვის. ამიტომ, ადგა და ხელნაწერი დამალა — 'მძევლად' აიყვანა".

როცა როულინგმა საბოლოოდ გადაწყვიტა, ძალადობრივი ქორწინებისთვის თავი დაეღწია, ხელნაწერის გამოხსნასაც თავისებურად შეეცადა.

"სამსახურში ყოველდღე ცოტ-ცოტა მიმქონდა ხოლმე — სულ რამდენიმე გვერდი, რომ მას არაფერი შეემჩნია. ტექსტს ვაქსეროქსებდი და ასე, ნელ-ნელა, მთელი ხელნაწერის ასლი გადავიღე".

ბოლოს, როულინგმა მოძალადე ქმარსაც დააღწია თავი და სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, მომავალი მწერლის რთული ცხოვრება აქ არ დასრულებულა — მარტოხელა დედად ქცეული როულინგი მწირი სოციალური დახმარებით ცხოვრობდა და ჰარი პოტერზე მუშაობას მხოლოდ მაშინ ახერხებდა, როცა მის მცირეწლოვან შვილს, ჯესიკას, ეძინა ხოლმე.

ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა კი ნამდვილად ღირდა — იმის მიუხედავად, რომ როულინგის ხელნაწერი არაერთმა გამომცემლობამაც დაიწუნა და ავტორს განუცხადეს, ბავშვებს ჯადოქრები არ აინტერესებთო, ჰარი პოტერი მაინც გამოიცა და მალევე იქცა მსოფლიო მასშტაბის ლიტერატურულ სენსაციად.

პოტერიადის შვიდწიგნეულმა სხვადასხვა დროს არაერთი რეკორდი დაამყარა — საგის ბოლო ნაწილის ტირაჟი 12 მილიონს აღწევდა, რომლიდანაც 8,3 მილიონი წიგნი გამოცემიდან 24 საათში გაიყიდა. დღესდღეობით ჰარი პოტერი მსოფლიოში 500 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული — თვალსაჩინოებისთვის, ყველა გაყიდული ეგზემპლარი რომ ეკვატორზე დააწყოთ, ისინი პლანეტას 16-ჯერ შემოუვლიან გარშემო. წიგნი თარგმნილია 87, მათ შორის ორ მკვდარ ენაზე — ლათინურსა და ძველბერძნულზე.

აღსანიშნავია საგის მიხედვით გადაღებული 8 ფილმის სერიაც, რომელთა საერთო შემოსავალმა ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა. პოტერიადის ეკრანიზაციებით მოგვიანებით ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მედია ფრენჩაიზი, Wizarding World, ჩამოყალიბდა.