ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ლუიზიანის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პროფესორმა, ვინმე თომას ბაერმა, ცნობილი მსახიობი ბრედ პიტი ქალაქ ახალი ორლეანის მერობის კანდიდატად დაასახელა.
ეს პიროვნება დარწმუნებულია, რომ პიტი საუკეთესო კანდიდატია ქალაქის თავის თანამდებობაზე. მან ათამდე მიზეზიც კი ჩამოთვალა, რის გამოც მსახიობი უბრალოდ ვალდებულია გახდეს ახალი ორლეანის მომდევნო მერი.
ამ მიზეზებში ასეთიც არის: “თუ ჩვენ მერად ბრედ პიტს ავირჩევთ, ახალი ორლეანის პირველი ლედი ანჯელინა ჯოლი გახდება.”
პროფესორმა კიდევ ერთი მიზეზიც მოიყვანა: “ჟურნალისტები და რეკლამის მსურველნი თვითონ დაუწყებენ დევნას ჩვენს მერს, და არა პირიქით, როგორც წინათ ხდებოდა. ეს კი ნამდვილად სასიკეთოდ წაადგება ქალაქს.”
ჯერჯერობით ცნობილი არ არის ბრედ პიტის პასუხი ამ შემოთავაზებაზე. როგორც ამერიკულ პრესას მსახიობის ერთ-ერთმა ახლობელმა აცნობა, პიტი ამ წინადადებით სერიოზულად დაინტერესდა და არ არის გამორიცხული, რომ უფროსი კოლეგა არნოლდ შვარცენეგერის გზა გაიმეოროს და დიდ პოლიტიკაში შეაბიჯოს.