რონალდინიო თურქეთში გადადის

რონალდინიო თურქეთში გადადის

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო სპორტულ მას-მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოპულარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო კარიერას თურქულ „ბეშიქთაშში“ გააგრძელებდა.

თავის დროზე ამ თემაზე რამდენიმე „ნიუსი“ გავრცელდა.

თავად რონალდინიო ქალაქ სტამბულში გადასვლას კატეგორიულად უარყოფდა. 33 წლის მოთამაშე ამჟამად კლუბი „ატლეტიკო მინეიროს“ ერთ-ერთი ლიდერია და სწორედ მისი დიდი დამსახურების გამო გუნდმა ლიბერტადორესის თასის მოგება მოახერხა.

რონალდინიოს იმედი ჰქონდა რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი ნაკრებში დააბრუნებდა. სამწუხაროდ  მისი იმედები არ გამართლდა და ერთ დროს მრისხანე თავდამსხმელი „თამაშგარე“ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ უახლოეს დღეებში რონალდინიო სტამბულის „ბეშიქთაშში“ ჩაირიცხება. ამ გუნდის პრეზიდენტი ახმეტ ნურ ჩები თავის ბრაზილიელ კოლეგას უკვე დაუკავშირდა და ფეხბურთელის გასაყიდი ფასის დასახელება მოსთხოვა.

ამის პარალელურად თურქები მოთამაშეს პირადად ესაუბრნენ და ახალ კლუბში გადასვლის შემთხვევაში ზღაპრულ პირობებს შეპირდნენ.

თურქული საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, რონალდინიო უახლოეს დღეებში „ბეშიქთაშის“ მაისურს ოფიციალურად მოირგებს.