მეგან ფოქსის თქმით, MGK-ს მისთვის არ უღალატია

მეგან ფოქსის თქმით, MGK-ს მისთვის არ უღალატია

მეგან ფოქსი, რომელმაც ახლახან ინსტაგრამზე MGK-ს ფოტოები წაშალა და საკუთარი ანგარიშიც დროებით გააუქმა, პლატფორმაზე ისევ დაბრუნდა და განაცხადა, რომ მათ ურთიერთობაში მესამე პირი არ ჩარეულა.

"არავითარი მესამე პირი ჩვენს ურთიერთობაში არ ყოფილა," — ინსტაგრამზე დაწერა მსახიობმა გავრცელებული ხმების საპასუხოდ, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ ვარსკვლავს საქმრომ უღალატა.

საზოგადოებას მცდარი წარმოდგენა მას შემდეგ შეექმნა, რაც მეგანმა ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც კონვერტს წვავდა. მსახიობმა ვიდეოს ბიონსეს ცნობილი ალბომიდან Lemonade შემდეგი სიტყვები დაურთო: "სიცრუის გემოს ვგრძნობ. შენს სუნთქვას სიყალბის სუნი სდის."

ვარსკვლავების წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ წყვილის ოფიციალურად დაშორება.

მეგანი და MGK 2022 წლის იანვარში დაინიშნნენ და დაქორწინებას გეგმავდნენ.