მაიამიში, არტ-ბაზრობაზე ქალმა გამოფენაზე შემთხვევით გატეხა ფაიფურის ქანდაკება, რომელიც $42 000 ღირდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ამერიკელი პოპ-არტისტის, ჯეფ კუნსის ქანდაკებაზე „ბუშტის ძაღლი“. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ქალი ექსპონატს თითით შეეხო, რის შემდეგაც ძაღლი დაეცა და დაიმსხვრა.
ქალის ვინაობას არ ამხელენ, თუმცა ცნობილია რომ ის ხელოვნების კოლექციონერია.
ჯეფ კუნსს არაერთი ასეთი ძაღლი აქვს შექმნილი, რომლებიც ზომით განსხვავდება. ისინი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ძვირადღირებულ ქანდაკებებად ითვლება. 68 წლის მოქანდაკეს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
გალერეის წარმომადგენელმა სედრიკ ბოერომ იხუმრა, რომ მომხდარის შემდეგ „ბუშტის ძაღლების“ ქანდაკებების რაოდენობა 799-დან 798-მდე შემცირდა, რამაც მათი ღირებულება გაზარდა. „ეს კოლექციონერებისთვის კარგია“, - თქვა მან.