ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის კოორდინაცია და იმ ძლებს, რომლებიც ამ კოორდინაციას აწარმოებენ, აქვთ რესურსი, რომ ასეთი აბსურდული რეზოლუციები, ასე ვთქვათ, „დაალაგონ“ ევროპარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
კობახიძემ ახლახან ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა, სადაც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასა და სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი.
„ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის კოორდინაცია და იმ ძალებს, რომლებიც ამ კოორდინაციას აწარმოებენ, აქვთ რესურსი, რომ ასეთი აბსურდული რეზოლუციები, ასე ვთქვათ, „დაალაგონ“ ევროპარლამენტში, რაც შემაშფოთებელია. ეს ძალიან ცუდად მეტყველებს ევროპარლამენტზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა ევროკავშირში და რა თქმა უნდა, ამის აღქმა ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ევროპარლამენტი ასეთი დაბალი სტანდარტით მოქმედებს.
იმდენად კომიკური ჩანაწერია, რომ მისი კომენტირება შეუძლებელია. კაცი თავის ფეხით ჩამოვიდა საქართველოში. არაჟნის კონტეინერში ჩაჯდა. ასეთი რამ აკადრა საკუთარ თავს. ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, არეულობის მოსაწყობად და ამას უწოდებენ ვენდეტას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ვინ სთხოვდა?! ვინ ეკითხებოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩამოსულიყო საქართველოში?! არავის ამის ინტერესი არ ჰქონია“, - განაცხადა კობახიძემ.
ახლახან ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577 დეპუტატმა დაუჭირა, 33 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა.