ევროპარლამენტართა სკანდალურ საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ თბილისში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ევა კაილის ადვოკატების განცხადებების ფონზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილზე შურისძიებაშია დადანაშაულებული, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
„გავრცელდა ორი ინფორმაცია. ერთს ავრცელებს მისი ადვოკატები, მეორეს ევროპარლამენტართა ჯგუფი, რომლებმაც მიმართეს ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ევა კაილი ციხეში იმყოფება, მას ციხეში საშუალებას არ აძლევენ რომ დამატებითი საბანი დაიფაროს, რადგან ცივა და მცირეწლოვანი შვილის ნახვის უფლება აქვს შეზღუდული.
ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია რომ ასეთი, ხელოვნურად შექმნილი პრობლემებით, ცდილობენ საქართველოს ჩირქი მოსცხონ და ამ სავალ გზაზე წინააღმდეგობები შეიქმნან. ამ რეზოლუციით გვეუბნებიან, რომ ეს არის ვენდეტა, არაფერკავშირში რომ არ არის საკითხები ერთმანეთთან ასე რიტორიკულად, დემაგოგიურად აკავშირებენ და აერთიანებენ“, - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილის ადვოკატების, მიხალის დიმიტრაკოპულოსის და ანდრე რისოპულოსის განცხადებით, მათი კლიენტი ბელგიის ციხეში აწამეს.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577 დეპუტატმა დაუჭირა, 33 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა.