ერაყში 5 000 წლის წინანდელი ტავერნა და ლუდის რეცეპტი აღმოაჩინეს

ერაყში 5 000 წლის წინანდელი ტავერნა და ლუდის რეცეპტი აღმოაჩინეს

პენსილვანიის და პიზის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა სამხრეთ ერაყში 5 000 წლის წინანდელი ტავერნის ნაშთები აღმოაჩინეს. ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.

გათხრები, 2022 წლის ნოემბერში, თანამედროვე ქალაქ ნასირიას ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩატარდა. ეს რეგიონი ცნობილია, როგორც შუმერული ცივილიზაციის ერთ-ერთი პირველი ურბანული ცენტრი.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს უძველესი ავეჯი, გასაგრილებელი სისტემები, დიდი ღუმელი და სადილისთვის განკუთვნილი მაგიდა და სკამები. არქეოლოგებმა ასევე მიაგნეს თევზისა და სხვა ცხოველების ძვლებს. ეს უკანასკნელი კერძისთვის უნდა ყოფილიყო, რომელიც 150-მდე ადამიანისთვის იქნებოდა საკმარი. მიაგნეს სასმელის რამდენიმე მტკიცებულებასაც, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო შუმერებში.

"ჩვენ მივაგენით საკვების გაგრილების სისტემას, ასობით ჭურჭელს, სკამებს, სადაც ხალხი იჯდა და ღუმელს, რომელიც საკვების მოსამზადებლად გამოიყენებოდა. ეს იყო ტავერნა, სადაც ლუდი ყველაზე გავრცელებული სასმელი იქნებოდა, უფრო ხშირი, ვიდრე წყალი. მეტიც, ლუდის რეცეპტსაც მივაგენით, რომელიც სპეციალურ ფირფიტაზე იყო ამოტიფრული", — განაცხადა AFP-ს პროექტის დირექტორმა ჰოლი პიტმანმა.

აღმოჩენა ნათელს ჰფენს უბრალო შუმერების ცხოვრებას
მსოფლიოს პირველი ქალაქები ახლანდელ სამხრეთ ერაყში განვითარდა, რომელიც მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის შესართავთანაა ახლოს. მას ნაყოფიერების გამო ღმერთების ბაღიც კი უწოდეს. ამით საფუძველი ჩაეყარა შუმერულ ქალაქებს, რომლებიც თარიღდება ადრეული დინასტიური პერიოდით.

"ლაგაში სამხრეთ ერაყის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. მისი მაცხოვრებლები დამოკიდებული იყვნენ სოფლის მეურნეობაზე, მეცხოველეობაზე, თევზაობასა და საქონლის გაცვლაზე", — განუცხადა AFP-ს ერაყელმა არქეოლოგმა ბეიკერ აზაბ ვალიმ.

გუნდი იმ ადამიანებით დაინტერესდა, რომლებიც ტავერნით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2700 წელს სარგებლობდნენ. ამან შეიძლება ნათელი მოჰფინოს პირველი ქალაქების სოციალურ სტრუქტურებსა და მკვიდრთა ჩვეულებებს.

"იმდენად ბევრი რამ არ ვიცით ქალაქების გაჩენის ამ ადრეული პერიოდის შესახებ, რომ რთულია ჩამოთვლა. ჩვენ გვინდა გავიგოთ მეტი უბრალო მოქალაქეებზე, უბრალო შუმერებზე", — თქვა პიტმანმა.