„ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის შეფასებით, აკაკი ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი სისტემა წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე იყო დაფუძნებული.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული სისტემური ხასიათის დანაშაულია და არა ერთეული შემთხვევა.
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა – საქართველოს წინააღმდეგ“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა სისტემა იყო შექმნილი წინა ხელისუფლების მიერ, რომელიც დაფუძნებული იყო წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატიმრობის თუ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელს იხდიდნენ, როგორი სისტემური ძალადობრივი მიდგომა იყო იმ სისტემისგან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა. მორიგი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ათეულობით საქმის, რომელიც საქართველომ სწორედ იმ წლებთან მიმართებაში, როდესაც ეს მძიმე სისტემა ჩამოყალიბდა და რეალურად აჩვენა, რომ აღნიშნული არა ერთეული შემთხვევა, არამედ სისტემური ხასიათის დანაშაულია. ამით სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ 2011 წელს ადგილი ჰქონდა ერთ კონკრეტულ შემთხვევას კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც, სამწუხაროდ, ერთ კონკრეტულ შემთხვევას არ წარმოადგენდა და იყო სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, რითიც დაადასტურა, რა ძალადობრივი ხელისუფლება იყო სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული“, – განაცხადა მიქანაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენჯერმე.