გივი მიქანაძე: დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო, როგორც არაერთხელ მოხდა, დაადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დამოუკიდებელი

გივი მიქანაძე: დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო, როგორც არაერთხელ მოხდა, დაადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დამოუკიდებელი

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო, როგორც არაერთხელ მოხდა, დაადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დამოუკიდებელი, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ კითხვას, რა პერსპექტივა აქვს სააკაშვილის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში.

როგორც მიქანაძემ განაცხადა, სააკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო თავის წარმომადგენლობას განახორციელებს.

„ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესი პრინციპია. შესაბამისად, კანონმდებლობა იძლევა ყველა იმ მექანიზმის გამოყენების თავისუფალ შესაძლებლობას, რაც დადგენილია, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, რაც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში არის დამკვიდრებული. მათი უფლებაა, რომ წაიღონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესაბამისი საჩივარი, წარადგინონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. სახელმწიფო თავის წარმომადგენლობას განახორციელებს. ჩვენ წინასწარ არანაირ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ შეგვიძლია, სანამ ეს საკითხი არ განიხილება. დარწმუნებული ვარ, მოხდება ისე, როგორც არაერთხელ მოხდა, ეს იყო „რუსთავი 2“-ის თითქოსდა მიტაცების საქმეზე თუ სხვა ნებისმიერ საკითხებზე, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დამოუკიდებელი და მხოლოდ ფაქტობრივ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა; მხარი დაუჭირა იმ პოზიციას, რაც საქართველოში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ მიიღო. დარწმუნებული ვართ, ამ შემთხვევაშიც ანალოგიური გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა მიქანაძემ.