ჩვენ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ევროპული სტრუქტურების ამა თუ იმ შეფასებას, პოზიციებს, თუმცა, ჩვენ და თუნდაც ნებისმიერ მოქალაქეს სრული უფლება აქვს ამხილოს ნებისმიერი პირი, რომელიც ტირაჟირებს დეზინფორმაციას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ის, რომ ეს რეზოლუცია არის პოლიტიკურად მოტივირებული და არავითარი სამართლიანობის, არავითარი ობიექტურობის მასშტაბი მას არ აქვს, ამას ადასტურებს, ამ რეზოლუციის მიღებიდან მომდევნო დღეს გამოტანილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
თუკი, რომელიმე სტრუქტურას, ევროპის ფარგლებში შესაძლებელია ჰქონდეს პრეტენზია სამართლიანობის ობიექტურად შეფასებაზე, ეს არის სტრასბურგის სასამართლო.
ჩვენ უნდა შევკრიბოთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც მრავალტომიანი გამოვა, სადაც მხილებულია სააკაშვილიც და მისი ხელისუფლებაც ადამიანების წამებაში, ჩაგვრაშია და დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ფეხქვეშ გათელვაში და გავუგზავნოთ თითოეულ იმ პარლამენტარს, ვინც მხარი დაუჭირა იმას, რომ თითქოს სააკაშვილია დემოკრატი და დღეს საქართველოში თითქოს დემოკრატიას საფრთხე ექმნება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.
ამასთან, ახლახან ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577 დეპუტატმა დაუჭირა, 33 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა.