ირაკლი ბერაია: წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა იყო ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი, ეს მავნე პრაქტიკა სტრასბურგის სასამართლომ არა ერთხელ დაადასტურა

ირაკლი ბერაია: წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა იყო ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი, ეს მავნე პრაქტიკა სტრასბურგის სასამართლომ არა ერთხელ დაადასტურა

არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია, რაც საქართველოში, 2012 წლამდე, წინა რეჟიმის მმართველობის პირობებში არა მხოლოდ ციხეებში, არამედ მის გარეთ ხდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი სახელმწიფო ტერორიზმის გამოვლინება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მავნე პრაქტიკა სტრასბურგის სასამართლომ არა ერთხელ დაადასტურა.

„წინა ხელისუფლება ადამიანებს ხოცავდა ქუჩებში, ციხეებში, უმოწყალოდ იქცეოდა. წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და მათი უხეში დარღვევა იყო ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი. ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ისეთ რეპუტაციულ ინსტიტუტებს, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა, არა ერთხელ დაუდასტურებიათ ეს მავნე პრაქტიკა. გვახსოვს მძიმე ვითარება, რაც იყო ციხეებში, როდესაც საქართველო იყო პირველ ადგილზე რეკორდული მაჩვენებლით არა მხოლოდ პატიმრებით, არამედ საპყრობილეებში პატიმრების გარდაცვალების ფაქტებითაც, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა წამება, არაადამიანური მოპყრობა და პირდაპირ მკვლელობა ადამიანების“, – განაცხადა ბერაიამ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენჯერმე.