სტივენ სპილბერგს თავისი ოჯახის გამო ჰარი პოტერის გადაღებაზე უარი უთქვამს

სტივენ სპილბერგს თავისი ოჯახის გამო ჰარი პოტერის გადაღებაზე უარი უთქვამს

როგორც ალბათ ბევრი ჩვენგანის შემთხვევაში, ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის, სტივენ სპილბერგის, ცხოვრებაშიც დამდგარა ის მომენტი, როცა დილემურ სიტუაციაში აღმოჩნდა და კარიერასა და ოჯახს შორის არჩევანის გაკეთება მოუხდა. რეჟისორს ოჯახი აურჩევია, თუმცა, როგორც სპილბერგი ამბობს, ეს ამბავი მის თავს მას შემდეგ მოხდა, რაც უკვე შემდგარი რეჟისორი იყო.

"კეიტმა (ცოლი) და მე ოჯახი შევქმენით და შვილები გვეყოლა", — ჰყვება ოსკაროსანი რეჟისორი, — "მე კი ამ დროს არჩევანი უნდა გამეკეთებინა, მიმეღო სამუშაოს შეთავაზება და სხვა ქვეყანაში გადავბარგებულიყავი ოთხი-ხუთი თვით, სადაც ოჯახს ყოველდღე ვერ ვნახავდი, თუ არა".

სამუშაოს შეთავაზება კი ალბათ რბილად ნათქვამია ისეთ პროექტებზე, რომლებზეც სპილბერგს უარი უთქვამს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფრენჩაიზი ყოფილა...

"რამდენიმე ფილმის გადაღებაზე უარი ვთქვი", — ამბობს რეჟისორი, — "ვამჯობინე, უარი მეთქვა ჰარი პოტერის პირველ ფილმზეც, რათა მომდევნო წელიწად-ნახევარი ოჯახთან გამეტარებინა. ასე რომ, მსხვერპლად უდიდესი ფრენჩაიზი გავიღე. ახლანდელი გადმოსახედიდან კი, მიხარია, რომ ასე მოვიქეცი და ოჯახთან ყოფნა ვარჩიე".

საბოლოოდ, პოტერიადის პირველი ფილმი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა, კიდევ ერთმა ძალიან წარმატებულმა რეჟისორმა, კრის კოლამბუსმა, გადაიღო. თუმცა, 2001 წელს კინოსურათის გამოსვლა კოლამბუსის კარიერაში მაინც დიდი ტრამპლინი აღმოჩნდა — სხვა რომ არაფერი, ფილმმა მსოფლიოში მილიარდზე მეტი დოლარი გამოიმუშავა.

თუმცა, სპილბერგს ამ პერიოდში საერთოდ მუშაობაზე როდი უთქვამს უარი. სანამ კოლამბუსი ჰარი პოტერზე მუშაობდა, სპილბერგი ხელოვნურ ინტელექტს იღებდა. მაგრამ ამ უკანასკნელის გადაღებები, პოტერიადისგან განსხვავებით, ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა, ამდენად, რეჟისორს ოჯახთან განშორება არ მოუწია.

სხვათა შორის, უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი სტივენ სპილბერგის ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარი, ნახევრად-ავტობიოგრაფიული ფილმი The Fabelmans, 2023 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე 7 ნომინაციაშია წარდგენილი.