24 ივლისს მინსკი-თბილისის რეისზე თვითმფრინავის ბორტზე ქართველმა მსახიობმა მიშა მესხმა დიდი აყალმაყალი მოაწყო. თვითმხილველების თქმით, მგზავრებს უშვერი სიტყვებით აგინა, აკრძალვის მიუხედავად თვითმფრინავის სალონში სიგარეტი მოსწია და თვითმფრინავის პერსონალიც შეურაცხყო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტთან მიშა მესხს პერსონალის მიერ გამოძახებული პოლიცია დახვდა და ქართველი მსახიობი მათ წაიყვანეს, აეროპორტიდან გამოსულ მინსკი-თბილისის რეისის მგზავრებს მესხი გარეთ თავისუფალი დახვდათ, რამაც მათი აღშფოთება გამოიწვია. "ყველა სიახლე" მინსკი-თბილისის ავიარეისის ერთ-ერთ მგზავრს, ინციდენტის მოწმეს, დაზარალებულ თამარ ხარატაშვილს ესაუბრა:
- წლებია, ბელორუსში ვცხოვრობ. დიდი ხანია ჩემს სამშობლოში არ ვყოფილვარ. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ჩემს ახლობლებს, ნათესავებს. 24 ივლისს როგორც იქნა თბილისისკენ გამოვფრინდი. რეისი მინსკი-თბილისი 23.00 საათზე აფრინდა მინსკის აეროპორტიდან. აფრენიდან ძალიან მალე ერთ-ერთი მგზავრი (მაშინ მისი ვინაობა არ ვიცოდი) საპირფარეშოში გავიდა. იქიდან გამოსვლიდან ძალიან მალე კი, სრულიად უმიზეზოდ, ქართულად გინება დაიწყო. რადგან ქართველი იყო, ვიფიქრე ქართულად დაველაპარაკები და ცოტას დავამშვიდებ-მეთქი, მაგრამ როგორც კი გამოველაპარაკე და ვთხოვე, გინება შეეწყვიტა, პირიქით - ქართველების გინებაზე გადავიდა. ვინც ხართ აქ ქართველები და გესმით, თქვენი დედაო. ისეთი უშვერი სიტყვებით იგინებოდა, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. მგზავრებს შორის ბავშვებიც იყვნენ. ბორტგამცილებელიც უშედეგოდ ცდილობდა მის გაჩერებას. სხვა მგზავრებმაც გამოთქვეს უკმაყოფილება. თვითმფრინავში ჩემ გარდა კიდევ რამდენიმე ქართველი იყო და მათგან გავიგე, რომ თურმე ქართველი მსახიობი მიშა მესხი ყოფილა. თან ახლდა ერთი გოგო და ორი ბიჭი. გოგო პირზე ხელს აფარებდა და გაჩუმებას სთხოვდა. გინებას არ დასჯერდა და სალონში სიგარეტის მოწევა დაიწყო. ისეთი აურზაური გამოიწვია, რომ თვითმფრინავის უკან მიბრუნებას და ისევ მინსკში დასმას აპირებდნენ, იქ კი ქართველი მსახიობი მინსკის პოლიციას თავს ნამდვილად ვერ აარიდებდა, მაგრამ მერე ისევ მგზავრებმა ვთხოვეთ, რეისი არ ჩაშლილიყო, რადგან ყველას ძალიან გვეჩქარებოდა თბილისში ჩამოსვლა. როგორც იქნა, დავითანხმეთ ამაზე. მიშა მესხი კი გინებას და სალონში მოწევას კვლავ აგრძელებდა. ადამიანის სახე არ ჰქონდა. როგორც კი თბილისის აეროპორტში ჩამოვფინდით, ტრაპთან პოლიცია დაგვხვდა და მსახიობი მათ წა
იყვანეს. ვიფიქრეთ, ამ აურზაურის გამო დაისჯებოდა და, სულ ცოტა, ერთ ღამეს მაინც გაათევდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა აეროპორტიდან გამოსულებმა თვალებს არ დავუჯერეთ - თანმხლებ პირებთან ერთად არხეინად მიაბიჯებდა...