ამჯერად ჩვენ საილუსტრაციოდ ერთი კონკრეტული ფაქტი მოვიტანეთ, რათა თვალნათლივ გვეჩვენებინა უმსაგვსობის ანატომია. ეს არის ბერმუდას სამართალწარმოებასთან დაკავშირებული 1%-მდეც კი არ მისული თანხის ოდენობის დატოვება კონკრეტულ ანგარიშზე, რომელიც სარჩელის დასაშვებობას ემსახურებოდა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბერმუდაზე პირველი ინსტანციის სასამართლო დასრულდა და აპელაციაც დასრულდა, როგორც ასეთი, ჩვენ დღემდე გვაქვს პრობლემა, ამ თანხის გამოტანისა. პრობლემა, რომელიც ბანკის მხრიდან სხვადასხვა საბაბით, სხვადასხვა ინსინუაციით, სხვადასხვა გამოგონილი არგუმენტით იქნა შეწინააღმდეგებული. ამ თანხის დარჩენა ბანკის ანგარიშებზე არ ემსახურება არანაირ მიზანს, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მოახდინოს ამით დემონსტრირება გარკვეული ზეწოლისა ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. ზეწოლისა, რომელსაც კანონისა და სამართლის სიბრტყეში საერთოდ არანაირი ახსნა არ აქვს“, - აცხადებს ყიფიანი.
იურიდიული ფირმა MKD Law „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.